მომსახურების სფეროში კვალიფიციური კადრების ნაკლებობას ჩვენც განვიცდით, - ამის შესახებ Bm.ge-ის ქობულეთში მდებარე სასტუმრო Kobuleti Garden Inn-ის დამფუძნებელმა იოსებ გუნთაიშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, შესაბამისი კადრების დეფიციტი ართულებს მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფას ტურისტებისთვის.
„ეს ყოველწლიურად გამოწვევაა. ქობულეთში კონკურენციაც დიდია სასტუმროებს შორის, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი სასტუმრო მაღალ კატეგორიაში გადის, ჩვენ კიდევ უფრო მაღალი ხარისხზე გვაქვს გათვლა, შესაბამისად, კადრებიც კვალიფიციური გვჭირდება. მიუხედავად ამისა, მაღალი ხარისხის მომსახურებით ვინარჩუნებთ და ვზრდით მომხმარებელთა რაოდენობას“, - აღნიშნა იოსებ გუნთაიშვილმა.
მისივე თქმით, გამოწვევაა ასევე, ქობულეთის მოკლევადიანი სეზონურობა. „ქობულეთში გამოწვევას წარმოადგენს ისედაც მოკლევადიან სეზონზე გვიან გახსნილი ტურისტული ინფრასტრუქტურაც“, - დასძინა მან.
ცნობისთვის, სასტუმრო Kobuleti Garden Inn-ი 2019 წელს გაიხსნა და ჯამურმა ინვესტიციამ 2.5 მლნ ლარი შეადგინა. ქობულეთის სანაპიროდან 50 მეტრში მდებარე 6-სართულიან და 28-ნომრიან სასტუმროში ფუნქციონირებს საცურაო აუზი, მათ შორის საბავშვოც და რესტორანი - Medusa ქართულ-ევროპული კერძებით.
როგორც Bm.ge-სთან საუბრისას, იოსებ გუნთაიშვილმა აღნიშნა, ბიზნესის განვითარების კუთხით, იგეგმება დამატებით 25-ნომრიანი კოტეჯის სტილის სასტუმროს განთავსებაც, თუმცა, ეს იდეა ჯერ საწყის ეტაპზეა და მისი განხორციელების ვადები ჯერ დაზუსტებული არ არის.