მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კვებიდან პრემიქსები სრულად ამოვიღეთ“ - რა გეგმები აქვს „რანჩო გარდაბანს“

ღორების ფერმა

გარდაბანში მდებარე მეურნეობამ შპს „რანჩო გარდაბანი“, რომელიც ბაზარზე რამდენიმე წელია ოპერირებს, საქმიანობის ახალი მიმართულება დაიწყო და მეურნეობაში ღორების ფერმა მოაწყო. ამის შესახებ BM.GE-სთან ინტერვიუში კომპანიის დირექტორმა, არმაზ ხარძიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ღორების ფერმა დაახლოებით ერთი თვის წინ ამოქმედდა და ამ ეტაპზე, მცირე მასშტაბზე მუშაობს, თუმცა კომპანიის მიზანი ამ მიმართულების ეტაპობრივი განვითარებაა.

"ღორების ფერმა გავაკეთეთ დაახლოებით ერთი თვეა. ჯერ პატარა მასშტაბებით - სულ 15-მდე ღორი გვყავს, მაგრამ გვინდა, რომ ეს მიმართულება გავზარდოთ. რაც დღეს საქართველოში შემოდის, ძირითადად რუსეთიდან და ბრაზილიიდანაა და ამ ღორის ხორცს არც გემო აქვს და არც სუნი. ჩვენ პრეტენზია გვაქვს, რომ ჩვენ მიერ გაზრდილ ღორს სუნიც და გემოც ექნება”, - ამბობს არმაზ ხარძიანი.

მისივე თქმით, ფერმის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი კვების გამჭვირვალობა და კონტროლია. კომპანია აცხადებს, რომ საკვებიდან სრულად ამოიღეს პრემიქსები და მზად არიან, შემოწმებები ნებისმიერ დროს მიიღონ. ხარძიანის ინფორმაციით, ღორების ფერმის მოწყობა შედარებით მცირე ინვესტიციით განხორციელდა, რადგან გამოყენებული იქნა უკვე არსებული შენობა.

„ბევრი თანხა არ დაგვჭირდა, რადგან შენობა უკვე იდგა - რკინა-ბეტონის ძირითადი კონსტრუქცია. შიგნით მხოლოდ ზღუდეები და საჭირო ინფრასტრუქტურა მოვაწყვეთ. მთლიანობაში დაახლოებით 60–70 ათასი ლარი დაგვიჯდა“, - ამბობს ის.

ამ ეტაპზე ფერმაში რამდენიმე დედა ღორი, ბურვაკები და გოჭებია. კომპანიის გათვლებით, არსებული რესურსი საფუძველი უნდა გახდეს მომავალი ზრდისთვის.

„ახლა გვყავს ხუთი დედა ღორი. ვფიქრობთ, რომ ეს ხუთი დედა წელიწადში ორჯერ მოგვცემს ნამატს და ეტაპობრივად, დაახლოებით 100 სულამდე ავალთ. შემდეგ უკვე გვინდა, რომ ღორების მიმართულება სერიოზულ მასშტაბზე 2028 წლისთვის ავიყვანოთ. თუ 80 დედა ღორი გვეყოლება, ჩვენი გათვლებით, წელიწადში დაახლოებით 1 500-მდე ნამატს მივიღებთ. ჩვენი მიზანია, ყოველწლიურად დაახლოებით 1 500 ღორი გავყიდოთ“, - ამბობს კომპანიის დირექტორი.

არმაზ ხარძიანის განცხადებით, წარმოებული პროდუქცია მთლიანად შიდა ბაზარზე იქნება ორიენტირებული, რადგან ადგილობრივი წარმოება მოთხოვნას სრულად ვერ აკმაყოფილებს.

„ადგილობრივი წარმოება შიდა ბაზარს 20%-ითაც კი ვერ აკმაყოფილებს. მოთხოვნა განსაკუთრებით დიდია ჰორეკა სექტორისგან. ღორის ხორცზე მოთხოვნა უზარმაზარია, მაგრამ ხარისხიან ხორცზე და არა იმაზე, რაც დღეს შემოდის და რასაც რეალურად ვჭამთ“, - აცხადებს ის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები