უცხო ენაზე - ძირითადად რუსულად მომსახურების და ინფორმაციის მიწოდების შემთხვევის შესახებ კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში 21 განცხადება შევიდა. როგორც სააგენტოში bm.ge-ს განუცხადეს, 16 საქმე ეხებოდა მოვაჭრეებს, რომლებიც საქმიანობას ახორციელებენ ბათუმში, ხოლო ხუთი საქმე - თბილისში.
აღსანიშნავია, რომ უცხო ენაზე მომსახურების გაწევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, მოვაჭრეს, აღნიშნული კანონდარღვევის აღმოსაფხვრელად ეძლევა გონივრული ვადა და ამ ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ, სააგენტო აკისრებს ჯარიმას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს მოვაჭრის წინა წლის წლიური ბრუნვის 2%-ს და არ უნდა იყოს 600 ლარზე ნაკლები.
კანონდარღვევის აღმოუფხვრელობის გამო კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, ბათუმში 6 კვების ობიექტი უკვე დააჯარიმა. როგორც სააგენტოს მიერ წარმოებული მონიტორინგის შედეგად დადგინდა, უწყების მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ შესრულდა. შესაბამისად, ი/მ მარია კალუსტიანს - 600 ლარი, შპს „დარიას“ - 1 088.27 ლარი, ი/მ ვლადისლავ კირიაკოვს - 600 ლარი, ი/მ ალეკსანდრ ვასილევის - 600 ლარი, შპს „ინვესტ ინ ჯორჯიას“ - 1 789.22 ლარი და შპს „ჰარვიდენტის“ - 600 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა.
თუმცა, ჯარიმის დაკისრება მოვაჭრეს სააგენტოს გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს. ასევე, დაჯარიმების პროცედურას უწყება ახორციელებს მას შემდეგ, რაც დარღვევის დადასტურების შემდეგ - კომპანია მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით გაცემულ ვალდებულებებს არ შეასრულებს.