"უკვე ახალი ფასით გავუშვით კვერცხი ქსელში. პირველი კატეგორიის კვერცხის ფასი (ფაბრიკიდან დისტრიბუციაზე გასაცემი) ყუთზე 108 ლარს შეადგენდა და 114 ლარი გახდა. ყუთში 360 ცალი კვერცხია, ანუ კვერცხის ფასმა 1,6 თეთრით მოიმატა. ამის მიზეზი კი უპირველესყოვლისა დოლარის კურსის ზრდაა, რადგან ჩვენი პროდუქციის თვითღირებულების 80% იმპორტზე მოდის. ანუ, ფრინველის საკვები, თვითონ მეკვერცხული მიმართულების წიწილაც უცხოეთიდან შემოგვაქვს, ერთდღიანი წიწილი გერმანიიდან, ჰოლანდიიდან და თურქეთიდან შემოგვყავს. რაც შეეხება საკვებს, მარცვლეული - ხორბალი, სიმინდი, თითქმის მთლიანად რუსეთის არის, მზესუმზირის შროტი უკრაინიდან შემოგვაქვს, სოიო - არგენტინიდან და ბრაზილიიდან, შესაფუთი მასალები კი თურქული, ან ირანულია. შესაბამისად, ლარის გაუფასურება ჩვენზე უკვე აისახა და კვერცხი დაახლოებით 4%-ით გაძვირდა, გარდაუვალია ქათმის ხორცის გაძვირებაც. ერთადერთი შეღავათი, რაც სახორცე მიმართულებას აქვს, არის ის რომ სადედე ჯგუფი საქართველოში გვყავს და მეხორცული მიმართულების წიწილში ეროვნულ ვალუტას ვიხდით, დანარჩენი აქაც იგივეა“ - განაცხადა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა Bm.ge-სთან საუბრისას.
მისივე განმარტებით, ლარის კურსის გაუფასურების გარდა, მეორე მიზეზი, რამაც მეფრინველეობის პროდუქციის ფასის ზრდა გარდაუვალი გახადა, მარცვლეულის გაძვირებაა.
საქსტატის მონაცემებით, დღეისთვის ქართულ ბაზარზე 10 კვერცხის საშუალო ღირებულება 3 ლარსა და 22 თეთრს შეადგენს, ანუ ერთი კვერცხის ღირებულება 32.2 თეთრია. რაც შეეხება ქათმის ხორცს, ბაზარზე ერთი კგ. გაყინული ქათმის ხორცის ღირებულება 6 ლარსა და 56 თეთრს შეადგენს.