კვერცხისა და ქათმის ხორცის მწარმოებლები ხელისუფლებისგან პროდუქციის დღგ-ს გადასახადისგან გათავისუფლებას წლებია ითხოვენ. მათი კიდევ ერთი მოთხოვნა ადგილობრივი წარმოების იმპორტისგან დაცვაა, თუმცა ამ საკითხებზე ბიზნესმა ხელისუფლებასთან შეთანხმებას ამ დრომდე ვერ მიაღწია. როგორც "კოდას" გენერალური დირექტორი BM.GE-თან ამბობს, განსაკუთრებით არაკონკურენტულ გარემოს ბოლო პერიოდში გააქტიურებული იმპორტი უქმნით.
ზურაბ ჭუჭულაშვილის თქმით, საქართველოში კვერცხის შემოტანა პირველად აზერბაიჯანმაც დაიწყო. მისი ინფორმაციით, მხოლოდ გასულ თვეში აზერბაიჯანიდან და უკრაინიდან 4 მილიონ ნახევარი ცალი კვერცხი შემოვიდა.
"ქართულ წარმოებასა და იმპორტირებულ კვერცხის გასაყიდ ფასს შორის სხვაობა საშუალოდ 7-10 თეთრია. გვიჭირს კონკურენციის გაწევა. თუ იმპორტი არ შეიზღუდა ძალიან ცუდ დღეში აღმოვჩნდებით", -განმარტავს ზურაბ ჭუჭულაშვილი.
მისი თქმით, ადგილობრივი წარმოების დაცვის მექანიზმებზე და დღგ-გან გათავისუფლების საკითხებზე სასაუბროდ ბიზნესმა ფინანსთა მინისტრს უკვე მიმართა, თუმცა ჯერ შეხვედრა არ ჩანიშნულა.
"დღგ-გან გათავისუფლებას ამ დრომდე ვერ მივაღწიეთ, იმპორტის შეზღუდვის რეგულაციას ვერ მივაღწიეთ. გვინდა ვთხოვოთ მინისტრს, რომ იქნებ იმპორტისგან მაინც დაგვიცვას სახელმწიფომ", -აცხადებს კომპანია "კოდას" გენერალური დირექტორი.