მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კვიპროსში მასშტაბურ ხანძარს ორი ადამიანი ემსხვერპლა

კვიპროსი

კვიპროსში ბოლო 50 წლის განმავლობაში ქვეყნის ყველაზე მასშტაბურ ტყის ხანძარს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 15-მდე სოფლიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

ხანძარმა, რომელიც ოთხშაბათს, 23 ივლისს გაჩნდა, უკვე დაწვა 120 კმ² ტერიტორია, რითაც ის ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დესტრუქციულია 1974 წლის შემდეგ, როცა კუნძულზე თურქეთის სამხედრო დანაყოფების შეჭრის შედეგად ცეცხლმა 260 კმ² გაანადგურა.

23 ივლისის შემდეგ ხანძარი კვიპროსის ტერიტორიის 1%-ზე გავრცელდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, საპოლიციო ძალებმა გარდაცვლილთა სხეულები ხანძარმოდებულ სოფლებს შორის მთავარ გზაზე, დამწვარ ავტომობილში იპოვეს.

რაც შეეხება დაშავებულებს, ოფიციალური უწყებების ცნობით, ჯამურად ასეთი 10 ადამიანია, რომელთაგანაც ორი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება; მათი მდგომარეობა მძიმეა, თუმცა არა - კრიტიკული.

ხუთშაბათს დილით მეხანძრეებმა დაადასტურეს, რომ ტერიტორიაზე აქტიური ცეცხლის კერები აღარ რჩებოდა, თუმცა მოგვიანებით ხანძარი ისევ გამწვავდა და მას ამ დრომდე ებრძვიან. ხანძრის ქრობის ოპერაციებს ართულებს ძლიერი ქარი და ინტენსიური სიცხეც. ადგილზე მობილიზებულია 250 მეხანძრე-მაშველი, ჩართულია 18 ვერტმფრენიც. მიმდინარეობს მოსახლეობის გამოყვანის სამუშაოებიც.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე გამოძიების საკითხია. მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კუნძულზე ცეცხლის გავრცელებისთვის უპრეცედენტო პირობები იყო შექმნილი. სამთავრობო პრესსპიკერი უარყოფს მოსაზრებას, რომ ხელისუფლებამ უყურადღებობა გამოიჩინა ხანძართან ბრძოლაში. მისი თქმით, "პირველივე წამიდან ამოქმედდა პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა მექანიზმი".

ამასთან, სახანძრო დეპარტამენტის უფროსი ნიკოს ლოგინოსი ადგილობრივ მედიასთან ჰყვება, რომ მოწმეები ხანძრის განზრახ გაჩენაზე საუბრობენ. ცეცხლის კერები ერთდროულად ორ სხვადასხვა, ერთმანეთისგან 100 მეტრით დაშორებულ წერტილში გაჩნდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები