მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კვირიკაშვილი: "წუხანდელი საღამო დააზიანებს უცხოური ვალუტის ნაკადს, რაც შეიძლებოდა რუსეთიდან მიგვეღო "

6065f461affaf
BM.GE
01.04.21 20:32
1807
გიორგი კვირიკაშვილი რუსი ჟურნალისტის ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ვიზიტის გამო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. როგორც "ფეისბუქზე" ყოფილი პრემიერი და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი წერს, წუხანდელი საღამო დააზიანებს იმ უმსხვილესი უცხოური ვალუტის ნაკადს, რაც შეიძლებოდა რუსეთიდან მიგვეღო.

კვირიკაშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"პოზნერის ვიზიტზე - თავშივე ვიტყვი: ჩემთვისაც, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და გადაწყვეტილების სუვერენულად მიღების უფლება ხელშეუხებელი ფასეულობაა, შესაბამისად, ნებისმიერი ადამიანის შეხედულება თუ გამონათქვამი, რომელიც პროპაგანდირებს საპირისპიროს, მიუღებელია და ისევე აღმაშფოთებელი, როგორც ყველა ქართველი პატრიოტისთვის. ასევე შეუძლებელია მოიწონო ანტიპანდემიური წესების დემონსტრატიულად დარღვევა.
ახლა ცოტა მეტი პრაგმატიზმით შევხედოთ ამ მოვლენას:

არაეკონომისტებისათვის ზედმეტად გავამარტივებ და მიზეზებზე არ შევჩერდები, ვინაიდან პოლიტიზირება შორს წაგვიყვანს - ქართული ვალუტის კურსი ძირითადად იმ 4 მატერიალურ ფაქტორს უჭირავს, რომელიც ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოსვლას განაპირობებს:
1. ექსპორტი
2. უცხოური ინვესტიციები
3. ფულადი გზავნილები
4. ტურიზმი

მეხუთე - არამატერიალური ფაქტორი - რომელიც განაპირობებს სრული დოლარიზაციისგან თავის შეკავებას და ანაბრების მნიშვნელოვანი მასის ეროვნულ ვალუტაში შენახვას, გახლავთ ადამიანების მოლოდინები და ზოგადი ოპტიმიზმის დონე.

უცხოურ ინვესტიციებში არსებული მნიშვნელოვანი ჩავარდნის ნაწილობრივ მაინც დასაკომპენსირებლად მთავრობას გააჩნია ერთადერთი მოკლევადიანი ინსტრუმენტი - ტურიზმი, ვინაიდან ექსპორტზე ზეგავლენა მოკლე ვადაში პრაქტიკულად შეუძლებელია, ხოლო ფულადი გზავნილების რაოდენობაზე მთავრობას არანაირი ბერკეტი არ გააჩნია. პრივატიზაციის გზით ინვესტიციების მიღებაც არსებულ სიტუაციაში ურთულესი ამოცანაა. მეხუთე, არამატერიალურ ფაქტორს რაც შეეხება, მოსახლეობის ოპტიმიზმშიც ვერ გვაქვს საქმე კარგად.

დარჩა ტურიზმი, რომლის დაბრუნებაც პანდემიამდელ მაჩვენებელზე გლობალური გამოწვევაა; იმ მწირი დებეტიდან, რაც საქართველოს ტურიზმში შემორჩა, ყველაზე მნიშვნელოვანი ეფექტის მიღება შეიძლება მხოლოდ იმ ქვეყნებიდან, ვისთანაც სახმელეთო საზღვარი გაგვაჩნია. ამ ოთხი ქვეყნიდან შემოსულ ვიზიტორთაგან ტურისტის პროპორციული შემადგენელი ყველაზე მაღალი რუსეთიდან გვაქვს. ეს ყველაფერი მშრალი ფაქტებია.

შესაბამისად, წუხანდელი საღამო და ის ზღვარგადასული რეაქცია, რაც ვიხილეთ, გარდაუვალად დააზიანებს დარჩენილთა შორის ვალუტის შემოდინების იმ უმსხვილეს უცხოური ვალუტის ნაკადს, რაც შეიძლებოდა მიგვეღო რუსეთიდან უმეტესად სახმელეთო, და ასევე საჰაერო გზით შემოსული ტურისტებისგან. სამწუხაროდ, შედეგი სავალალო იქნება: საქართველოს გაჭირვებული მოსახლეობისთვის (არა მარტო მათთვის, ვინც ტურიზმით პირდაპირ თუ ირიბად სარგებლობს) ისედაც მძიმე მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმება", - წერს გიორგი კვირიკაშვილი.

ცნობისთვის, გუშინ საქართველოში ჩამოვიდა რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი, რომელიც დღეს თავის ათობით მეგობართან ერთად დაბადების დღის აღნიშვნას გეგმავდა, თუმცა, მოქალაქეთა ნაწილმა "კომენდანტის საათის" ამოქმედების შემდეგ პოზნერის და მისი მეგობრების მიერ რეგულაციების დარღვევა და მისი საქართველოში შემოშვება გააპროტესტეს, რის შემდეგაც რუსმა ჟურნალისტმა ქვეყანა დატოვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები