ნავთობზე ფასი კვლავ გაიზარდა მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე კვირა ყველა ტიპის ნავთობზე ფასის კლებით დაიწყო. მსოფლიო ბაზარზე ნავთობზე ფასის შემცირება ვენესუელაში მიმდინარე მოვლენებს უკავშირდებოდა, რადგან გაჩნდა მოლოდინი, რომ ვენესუელის ნავთობის გამომუშავება გაიზრდებოდა. ქვეყანა მსოფლიოში პირველია დადასტურებული რეზერვებით, თუმცა მოპოვების დონე დაბალია.
დღეის მდგომარეობით, Crude Oil-ის ფასი ბირჟაზე 56 დოლარს აჭარბებს, ასევე 56 დოლარად ივაჭრება WTI-ი, Brent-ის ტიპის ნავთობზე ფასი კი 60 დოლარს აჭარბებს.
გუშინ, 7 იანვარს, აშშ-მა ატლანტის ოკეანეში დააკავა ვენესუელასთან დაკავშირებული ნავთობის ორი ტანკერი, რომელთაგან ერთ-ერთი რუსეთის დროშის ქვეშ ცურავდა. აღნიშნული ქმედება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოლიტიკის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს ამერიკის კონტინენტზე ნავთობის ნაკადებზე გავლენის გაძლიერებას. გუშინ ტრამპმა სოციალურ ქსელში ასევე დაწერა, რომ ვენესუელიდან 30-დან 50 მილიონამდე ბარელ ნავთობს მიიღებენ. 2026 წლის 3 იანვარს აშშ-მა კარაკასში ოპერაცია ჩაატარა და დააკავა ქვეყნის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო და მისი ცოლი. ამერიკელმა სამხედროებმა ვენესუელაში რამდენიმე სამხედრო ობიექტსაც დაარტყეს.




























