მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კვირის დღეებში თითქმის გაგვინახევრდა მომხმარებელი - "მაჭახელას" დირექტორი

61bc586400629
მარიამ ვარადაშვილი
18.12.21 00:13
8374
რესტორნების ქსელის მმართველი კომპანია „მაჭახელა ჯგუფის“ ხელმძღვანელი ვანო სტურუა აცხადებს, რომ "მწვანე პასპორტის” სისტემის ამოქმედების შემდეგ მომხმარებელთა რაოდენობა საშუალოდ 50%-ით შეუმცირდათ.

“რადიკალურად შეგვიმცირდა მომხმარებელი. დღეებზეა დამოკიდებული, ზოგიერთ დღეს დაახლოებით 50%, ზოგჯერ კი 40%-ით შემცირდა მომხმარებელი. ასეთი ვითარებაა თბილისის მასშტაბით ყველა რესტორანში. რეგულაციის ამოქმედებიდან პირველ დღეებში უკან ვაბრუნებდით ხალხს, ახლა აღარც მოდიან, რადგან იციან რომ არ ვუშვებთ”,-აცხადებს სტურუა.

რესტორნების ქსელის დამფუძნებელი განმარტავს, რომ მომხმარებელი თბილისის ყველა უბანში შეუმცირდათ. მათ შორის ტურისტულ ადგილებშიც.

“მაგალითად “მეიდანზე”, სადაც მეტწილად ტურისტები არიან, მათაც ვერ ვუშვებთ ხშირ შემთხვევაში. ზოგიერთი ტურისტი PCR ტესტით ჩამოდის, შემდეგ ამ ტესტს 72-საათიანი ვადა გასდის, აცრილები არ არიან, ანუ “მწვანე პასპორტი” არ აქვთ. ამიტომ, ბევრ მათგანს ვერ ვუშვებთ. როგორც გითხარით კვირის დღეებში დაახლოებით 50%-ით არის მომხმარებელი შემცირებული, ისე ალბათ 35-40%-ით”,-ამბობს სტურუა.

ამის მიუხედავად, „მაჭახელა ჯგუფის“ ხელმძღვანელი “მწვანე პასპორტის” სისტემას უჭერს მხარს და აცხადებს, რომ ეფექტიანობის გასაზრდელად სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქების გარდა, მოქალაქეები ყველგან ამ სტატუსით უნდა დაუშვან. “მხოლოდ რესტორანში ამ სისტემის ამოქმედება შედეგს არ მოგვცემს”,-ამბობს სტურუა.

პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ პირებს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, “მწვანე პასპორტი” უვადოდ ენიჭება. მთავრობამ არ გამოიყენა რამდენიმეთვიანი შეზღუდვა, რასაც ევროკავშირის ქვეყნები იყენებენ კოვიდგადატანილი პირებისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები