მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კვირის მთავარი ავტო სიახლეები

bmgauto

კვირის მთავარი ავტო სიახლეების წარმდგენია "თეგეტა ჰოლდინგი"

რომელია ყველაზე მოთხოვნადი ელექტრომობილები მსოფლიოში?

GRIDSERVE-მა Google Keyword Planner-ის გამოყენებით, 317 ელექტრომობილისთვის 200-ზე მეტ ქვეყანაში ონლაინ ძიების მაჩვენებლები გამოიკვლია.

როგორც კვლევით დადგინდა, 2022 წელს "გუგლში" ყველაზე პოპულარული ელექტრო მანქანა, Lexus-ის პირველი სრულად ელექტრო მანქანა, Lexus RZ იყო, რომელიც ყველზე მოთხოვნად მოდელად 47 ქვეყანაში დასახელდა.

მეორე პოზიცია Tesla Model 3-მა დაიკავა, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, 35 ქვეყანაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. გუგლის საძიებო სისტემაში კი აღნიშნული მოდელი გასულ წელს 20 მილიონზე მეტმა მომხმარებელმა მოძებნა. Tesla Model 3 განსაკუთრებით პოპულარულია აშშ-ში, სადაც გასულ წელს მოდელთან დაკავშირებით ონლაინ ძიების რიცხვმა თითქმის 7 მილიონს მიაღწია.
მესამე ყველაზე პოპულარული ელექტრომობილი კი არის Kia EV6. გასული წლის მონაცემებით, აღნიშნულ მოდელი გუგლში 15 მილიონ 800 ათასმა ადამიანმა მოძებნა. განსაკუთრებული პოპულარობით კი, როგორც ჩანს მოდელი კანადასა და ნიდერლანდებში სარგებლობს, სადაც ძიების რიცხვი შესაბამისად 916 500-ითა და 764 000-ით განისაზღვრა.


Tesla-მ ელექტრომობილებზე Model 3 და Model Y ფასები შეამცირა

მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებულმა ავტომწარმოებელმა Tesla-მ თავის ელექტრომობილებზე, კომპაქტურ სედან Model 3-სა და SUV Model Y-ზე აშშ-ის ბაზარზე ფასები მას შემდეგ შეამცირა, რაც კომპანიის გაყიდვების მოლოდინები არ გამართლდა.

Tesla-ს მიერ ფასების შემცირება კომპანიის 2023 წლის გეგმის შესრულებას ეხება, რომლის თანახმადაც ავტომწარმოებელმა წლის ბოლო სამ თვეში 476 ათასი ავტომობილი უნდა გაყიდოს იმისთვის, რომ წლიურ მიზანს, 1.8 მილიონ გაყიდულ ერთეულს მიაღწიოს.

ამჟამად სტანდარტული Model 3 $1250-ით უფრო იაფია და $38990 ღირს, Model Y-ის ფასი კი $2000-ით, $48490-მდე ჩამოვიდა. საერთო ჯამში, Model 3-ის ფასები წლის დასაწყისიდან დღემდე 17%-ით, Model Y-ის ფასები კი - 26%-ით დაეცა.
 
 BYD ისევ ლიდერია – ჩინურმა კომპანიამ რეკორდული რაოდენობის ელექტრომობილები გამოუშვა
ჩინური ტექნოლოგიური კომპანია BYD ელექტრომობილების ბაზარზე დომინაციას ისევ განაგრძობს, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში კომპანიამ თითქმის 822,000 ერთეული ელექტრომობილი და plug-in ჰიბრიდი გამოუშვა, რაც მსოფლიო რეკორდს წარმოადგენს.

შედარებისთვის, იმავე პერიოდში ამერიკულმა Tesla-მ 435 ათასი ერთეული ელექტრომობილის გამოშვება შეძლო, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ჩინური BYD-ის გაყიდვები გაცილებით უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ილონ მასკის კომპანიის.

გასულ წელთან შედარებით BYD-ის წარმოების მაჩვენებელი და გაყიდვები გაორმაგებული, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ანალიტიკოსების პროგნოზს.

აღსანიშნავია, რომ BYD ამჟამად ძირითადად მხოლოდ ჩინეთის ბაზარზე ოპერირებს. კომპანიის ხელმძღვანელობის განცხადებით, BYD გლობალურ ბაზარზე სრულად მას შემდეგ გავა, რაც საწარმოო შესაძლებლობები გაიზრდება და ბაზარზე არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელი გახდება.
 
დაბალი მოთხოვნის გამო, Volkswagen-მა ელექტრომობილების წარმოება შეამცირა


ევროპის მასშტაბით ელექტრომობილებზე დაბალი მოთხოვნისა და სახელმწიფო სუბსიდიების შემცირების ფონზე, გერმანულმა Volkswagen-მა დროებით ელექტრომობილების წარმოების შემცირების გადაწყვეტილება მიიღო.

დრეზდენის ქარხანაში ორი კვირის განმავლობაში შეწყდება ID.3-ის სერიის ელექტრომობილების წარმოება. Cupra-ს ბრენდის ქვეშ გამოშვებული ავტომობილების წარმოება კი დაახლოებით ერთი თვით შეიზღუდება.

ევროპის მასშტაბით ელექტრომობილებზე შემცირებული მოთხოვნა პირდაპირ კავშირშია ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებასთან და ევროზონაში ინფლაციის დონის ზრდასთან. გაძვირებული კრედიტი და გაზრდილი სამომხმარებლო ფასები მომხმარებლებს ხარჯების შემცირებისკენ უბიძგებს, რაც ელექტრომობილების გაყიდვებზე ნეგატიურად აისახება.
 
TOYOTA-სთვის ელექტრობატარეებს LG ENERGY აწარმოებს


ახალი შეთანხმების ფარგლებში, Toyota-სთვის ელექტრომობილების ბატარეებს კორეული LG Energy აწარმოებს.

საწყის ეტაპზე, LG Energy მიჩიგანში 3 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელოს, რათა ბატარეების ახალი საწარმო ააშენოს. ამის შემდეგ კი განიხილება დამატებითი საწარმოების მოწყობა, რათა ბატარეებზე არსებული მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

მიჩიგანის ქარხანა დაახლოებით 1,000 თანამშრომელს დაასაქმებს და ის, ძირითადად, ლითიუმ-იონური ტიპის ბატარეების წარმოებაზე იქნება კონცენტრირებული.

უნდა აღინიშნოს, რომ LG Energy არ იქნება იაპონური გიგანტის ერთადერთი მომწოდებელი. სავარაუდოდ, Toyota-ს ბატარეებით მომარაგებაზე ათამდე საერთაშორისო კომპანია იქნება ჩართული.
 
Apple ფორმულა 1-თან თანამშრომლობას გეგმავს
 
მას შემდეგ, რაც Apple-მა უპრეცედენტო რაოდენობის წარმატებას მიაღწია MLS-თან 10 წლიანი 2.5 მილიარდიანი კონტრაქტის გაფორმებით, ტექნოლოგიური გიგანტი ახალი მიმართულების ათვისებას გეგმავს.

კომპანიის სურვილია, მსოფლიო მედიის უფლებების მიღება ფორმულა 1-ის რბოლებზე. სარბოლო მომსახურების მისაღებად Apple მზადაა, 2 მილიარდი გადაიხადოს, რადგან ფიქრობენ, რომ საპასუხოდ ორმაგ ანაზღაურებას მიიღებენ.

ცნობისთვის, ფორმულა 1-ს გადასცემენ ისეთი ტელევიზიები, როგორებიცაა ESPN, Fox Sports, Sky Sports და ა.შ. მათგან უმრავლესობის კონტრაქტი მინიმუმ 5-წლიანია.

ცნობისთვის გეტყვით, რომ Apple TV+ ამჟამად მუშაობს "ფორმულა 1"-თან დაკავშირებულ ფილმზე, რომლის პროდიუსერიც 7 გზის ჩემპიონი ლუის ჰამილტონია, ხოლო მთავარ როლს ბრედ პიტი ასრულებს. ამასთანავე კომპანია აპირებს ჰამილტონთან დაკავშირებული დოკუმენტური სერიალის გამოშვებასაც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები