მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კვირის მთავარი ავტოსიახლეები

FFF

კვირის მთავარი ავტოსიახლეების წარმდგენია "თეგეტა ჰოლდინგი"

საქართველოში ავტომობილების იმპორტი 31.3%-ით შემცირდა - ექსპორტი 7.8%-ით გაიზარდა

საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი იანვარ-მარტში 31.3%-ით შემცირდა, თუმცა მიუხედავად ამისა, იმპორტირებულ საქონელში კვლავ პირველ ადგილს იკავებს 443.8 მლნ აშშ დოლარით და 197 მლნ-ით აღემატება, მეორე სასაქონლე ჯგუფს, ნავთობსა და ნავთობპროდუქტებს.
რაც შეეხება ექსპორტს, 2024 წლის 3 თვეში, საქართველოდან 443.8 მლნ აშშ დოლარი ავტომობილები გადაიყიდა, რაც 7.8%-ით მეტია გასული წლის საანგარიშო პერიოდთან შედარებით.
საქართველოსთვის ავტომობილების მთავარი საექსპორტო ბაზარი კვლავ შუააზიაა და ყირგიზეთში მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი რეკორდულ ნიშნულზეა.
2024 წლის 3 თვეში საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტისთვის TOP-5 ქვეყნის ჩამონათვალი ასეთია:

ყირგიზეთი - $221.9 მლნ-ს 5 803 ერთეული; (ღირებულების ზრდა 60.7%)
ყაზახეთი - $129.3 მლნ-ს 9 714 ერთეული; (ზრდა 32.6%)
აზერბაიჯანი - $48.4 მლნ-ს 2 601 ერთეული; (კლება 51.3%)
სომხეთი - $22 მლნ-ს 1 393 ერთეული; (კლება 74.7%)
ბელგია - 5.5 მლნ-ს 104 ერთეული. (კლება 3.1%)


იმპორტი ყველაზე მეტად იაპონიიდან შემცირდა, რაც სავარაუდოდ წითელი ზღვის კრიზისითაა განპირობებული და ასევე, საქართველოში მარჯვენა საჭიანი მანქანების განბაჟების გადასახადის ზრდით. იაპონია კი, სწორედ ასეთ ავტომობილებს აწარმოებს.

TOP-5 იმპორტიორი ქვეყანა:

აშშ - $270.6 მლნ-ს 22 350 ერთეული; (კლება ღირებულებაში 28.8%)
გერმანია - $83.5 მლნ-ს 1 922 ერთეული; (ზრდა 10.9%)
იაპონია - $54.6 მლნ-ს 4 216 ერთეული; (კლება 49.2%)
სამხრეთ კორეა - $11.7 მლნ-ს 765 ერთეული; (ზრდა 23.7%)
გაერთიანებული სამეფო - 9.7 მლნ-ს 94 ერთეული; (ზრდა 33.1%)

2023 წელს საქართველოში რეკორდულად ბევრი ჩინური ავტომობილი შემოვიდა

ბოლო წლებში, ჩინურმა ავტომწარმოებელმა კომპანიებმა მსოფლიოში მასშტაბური ექსპანსია დაიწყეს, რომელიც ადგილობრივი კომპანიების მიერ გლობალური ბაზრის წილის მნიშვნელოვან ზრდას ისახავს მიზნად. ტენდენციის ხილვა საქართველოშიც შეიძლება, რადგან Geely-ის, BYD-ისა თუ Leapmotor-ის ავტომობილების დანახვა და პრინციპში, გამოცდა, დედაქალაქში, ისევე, როგორც სხვა ქალაქებში, უკვე თავისუფლადაა შესაძლებელი.

საქართველოში ჩინური ავტომობილების მომრავლებაზე ოფიციალური სტატისტიკაც მიუთითებს, რომლის თანახმად, გასული წელი, ჩინეთიდან ავტომობილების იმპორტის კუთხით რეკორდული იყო. 2023 წელს, საქართველოში ჩინეთიდან $22.2 მილიონის ღირებულების 1,767 ავტომობილი შემოვიდა, როცა ერთი წლით ადრე, ქართველებმა $13.7 მილიონის ღირებულების 1,439 ჩინური ავტომობილი შეიძინეს. გამოდის, რომ ერთ წელიწადში, იმპორტმა 62%-ით იმატა.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოში ჩინური ავტომობილების იმპორტი მუდამ ზრდის დინამიკით ხასიათდებოდა, მაგრამ ბოლო წლებში, ეს მაჩვენებელი მკვეთრად დაჩქარდა. მიმდინარე წელს კი, როგორც ჩანს, ახალი რეკორდი დაფიქსირდება, რადგან 2024 წლის 1-ელი კვარტალის მდგომარეობით, ჩვენს ქვეყანაში $7.8 მილიონის ღირებულების 547 ჩინური ავტომობილი შემოვიდა.

წარმოუდგენელი შესაძლებლობები და საოცარი შესრულება - ახალი Porsche Taycan საქართველოშია

ბევრი მიმართულებით გაუმჯობესებული Porsche Taycan-ის მსოფლიო პრემიერა სულ რაღაც 2 თვის წინ შედგა. დღეს კი ახალი მოდელი საქართველოშია და ქართველ მომხმარებელს მისი შეძენა უკვე „პორშე ცენტრი თბილისში“ შეუძლია.

„ტაიკანის“ ახალ ვერსიებს მეტი სიმძლავრე აქვს და ერთი დამუხტვით მეტი მანძილის გავლა შეუძლია. მას უკეთესი აჩქარება და უფრო სწრაფად დატენის ფუნქცია გააჩნია. გარდა ამისა, Style Porsche-მ დიზაინი დახვეწა და Turbo-მოდელები ახლა უფრო მძლავრადაა დიფერენცირებული. „ტაიკანის“ ყველა ვერსიას კიდევ უფრო მრავალფეროვანი სერიული კომპლექტაცია აქვს, ასევე Porsche Driver Experience-ის უახლესი თაობა ბევრი მიმართულებით გამოირჩევა გაუმჯობესებული მაჩვენებლებისა და მომსახურების კონცეფციით.

ცვლილება ძარის სამივე ტიპის მქონე „ტაიკანს“ შეეხო – როგორც სპორტულ სედანს, ისე ოფროუდ პაკეტით ხელმისაწვდომ Taycan Cross Turismo-სა და სპორტულ-პრაქტიკულ Taycan Sport Turismo-ს. უკვე ხელმისაწვდომია მოტორიზების 4-4 ვარიანტი – წინა ან სრული ამძრავით.

„ტაიკანის“ განახლებული მოდელები კიდევ უფრო უკეთესი აჩქარებით გამოირჩევიან. ამის აღსაქმელად საწყისი და TOP-ვერსიების მაგალითებიც საკმარისია: Taycan 0-დან 100 კმ/სთ-მდე 4,8 წამში ჩქარდება, Taycan 4S – 3.7 წამში, Taycan Turbo – 2.7 წამში, Taycan Turbo S – 2,4 წამში, Taycan Turbo GT – 2,3 წამში, ხოლო Taycan Turbo GT Weissach Package 2.2 წამში. TOP-მოდელის სიმძლავრე 1 108 ცხენის ძალამდეა გაზრდილი.


TESLA-ს ელექტრომობილების შეძენით HERTZ-მა $440 მილიონის ზარალი მიიღო

გასაქირავებელი ავტომობილების ოპერატორმა კომპანია Hertz-მა Tesla-ს ელექტრომობილების შეძენით 440 მილიონი დოლარის პირდაპირი ფინანსური ზარალი მიიღო. საქმე ისაა, რომ 2021 წელს Hertz-მა 4 მილიარდ 200 მილიონ დოლარად 100,000 ერთეული Tesla-ს ელექტრომობილის შეძენის გადაწყვეტილება მიიღო. შეკვეთის ჩაბარების შემდეგ კი, Tesla-მ ელექტრომობილების ფასები საშუალოდ 12,000 დოლარით შეამცირა, რის გამოც Hertz-ს აქტივების გაუფასურებით კოლოსალური ზიანი მიადგა.

გარდა პირდაპირი გაუფასურებისა, მოსალოდნელზე გაცილებით უარესი იყო მეორადი ელექტრომობილების გადაყიდვის მაჩვენებელი. როგორც ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა, კომპანიას ჩამოწერილი ელექტრომობილების გაყიდვა საწყის ფასთან შედარებით თითქმის სამჯერ ნაკლებად უწევდა, რაც გაუფასურების რეკორდული მაჩვენებელია.

გასაქირავებელი ავტომობილების ფლოტის Tesla-თი დაკომპლექტებას კიდევ ერთი უსიამოვნება ახლდა თან, ეს იყო ელექტრომობილების მალფუჭებადობა და შეკეთების მაღალი ხარჯები. როგორც კომპანიაში ამბობენ, Tesla-ს მომსახურება იმაზე ძვირი ჯდებოდა, ვიდრე Mercedes-ის და BMW-ს სერვისი, რაც Hertz-ის საოპერაციო მოდელისთვის დამღუპველია.

Tesla-სთან გაფორმებული შეთანხმების შემდეგ, Hertz-ის კაპიტალიზაცია 80%-ით შემცირდა და კომპანია ამჟამად გაკოტრების პირასაა.

ლეგენდარული აირტონ სენას Honda NSX აუქციონზე იყიდება

ფორმულა 1-ის ლეგენდარული პილოტი აირტონ სენა ცხოვრების განმავლობაში სამ Honda NSX-ს ფლობდა, მათგან ერთ-ერთი კი აუქციონზე გასაყიდადაა გამოტანილი. 3-ლიტრიანი V6-ით აღჭურვილ, 271-ცხენისძალიან და 283-ნიუტონმეტრიან NSX-ს 0-დან 100 კმ/სთ-ის განვითარება 5.8 წამში შეუძლია. მისი მაქსიმალური სიჩქარე 265 კმ/სთ-ია.

მას შემდეგ, რაც სენამ ავტომობილების ტესტირებებში მიიღო მონაწილეობა, მან Honda-ს შასის გამაგრება ურჩია. დღესდღეობით ავტომობილს რობერტ მაკფეიგანი ფლობს, რომლის ხელშიც ის 2013 წლიდან იმყოფება და ამჟამად დიდ ბრიტანეთშია განთავსებული.

მაკფეიგანის განცხადებით NSX-ი საოცარი მანქანაა, რომელიც გულშემატკივარს განსაკუთრებულ სიამოვნებას ანიჭებს. ავტომობილს დამატებით ღირებულებას კი მისი ყოფილი მფლობელი აირტონ სენა სძენს, რომელიც ფორმულა 1-ის სამ გზის ჩემპიონია.

ავტომობილის შესაძენი განცხადება Auto Trader UK-ზეა ატვირთული და ამჟამინდელი მფლობელი მის სანაცვლოდ 622 ათას დოლარს ითხოვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები