დღეს ბათუმში, "თიბისი კაპიტალმა" ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონების შესახებ ახალი კვლევა წარმოადგინა.
"თიბისი კაპიტალს" და "თიბისი ბანკის" ეკონომიკურ ჯგუფს მიაჩნია, რომ რუსეთის მხრიდან ცოტა ხნის წინ დაწესებული ფრენების აკრძალვის ეფექტი მართვადია, ქვეყანაში, ისევე როგორც ბათუმში. ტურიზმის ზრდა პოზიტიურ ტრაქეტორიას შეინარჩუნებს, რაც დამატებით განთავების საშუალებებში ინვესტირებას მისცემს ბიძგს.
"თიბისი კაპიტალის" კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის ტრანზაქციების მოცულობა ბოლო 2 წლის მანძლზე ჯამურად 63%-ით გაიზარდა.
გაყიდული ბინების უმეტესობა პრემიუმ, ან დაბალი სეგმენტის ბინებია, მხოლოდ 16% წარმოადგენს საშუალო სეგმენტს. 2018 წლის გაყიდვების 76% ახალაშენებულ ბინებზე მოდის, 53% – მცირე, 50 კვ.მ, ან ნაკლები მოცულობის ბინებზე, გაყიდვების 60% კი ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე არის კონცენტრირებული.
კვლევაში ტურიზმი ბათუმის უძრავი ქონების მთავარ მამოძრავებელ ფაქტორად არის დასახელებული და აღნიშნულია, რომ უცხოელი ვიზიტორები ბათუმის იჯარის ბაზარზე მოთხოვნას ქმნიან. ბათუმში ბინების უცხოელი მყიდველები ძირითადად იმ ქვეყნებიდან არიან, საიდანც ტურისტები.
"უცხოელ მყიდველთა წილი ბათუმის საბინაო ბაზარზე 2018 წელს 36% იყო. ამ მხრივ უკრაინისა და რუსეთის მოქალაქეები აქტიურობდნენ, მათ შემდგომ კი ისრაელის, თურქეთის და სხვა ქვეყნების მოქალაქეები.
ბათუმის ადგილობრივი მოსახლეობა ნელი ტემპით იზრდება. ბოლო წლების მანძილზე ქალაქში უმუშევრობამ მკვეთრად იკლო, რაც სამომავლოდ ახალი მუშახელის მოძიების საჭიროებას მოასწავლებს, რაც ბაზარზე მოთხოვნის დამატებითი ფაქტორია.
ქალაქში ახალი ბინების მიწოდება საკმაოდ მოცულობითია. 2018 წელს 648,000 კვ.მ. საცხოვრებელ იფართის შენობებზე გაიცა ნებართვა, რაც შედარებით სუსტ 2017 წელთან შედარებით 26%-იან ზრდას წარმოადგენს.
ფასების აგრეგატული დონე ბათუმში 2018 წელს 7,2%-ით გაიზარდა ლარში, ხოლო 5,5%-ით დოლარში. უბნების დონეზე, ზრდა შეიმჩნევა ზღვიდან პირველ ზოლში, ხოლო დანარჩენ ქალაქში ფასები სტაბილურია. თიბისი კაპიტალის მკვლევარები გრძელვადიან პერსპექტივაში ფასების სტაბილურ ზრდას ელოდებიან, ახლო მომავლის პოტენციური ბარიერების გათვალიწინებით.
იჯარის შემოსავლიანობა ბათუმში კლებადი ტრენდით ხასიათდება, თუმცა მოცემულ მომენტში საკმაოდ მაღალია.
საშუალო დატვითულობა ცხადჰყოფს, რომ ბათუმი ჯერ კიდევ "ერთი სეზონის" ქალაქია. მომავალში მთელი წლის ტურისტული ატრაქციების განვითარება ბათუმის იჯარის ბაზარზე და საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე მოთხოვნას გაზრდის", – აღნიშნულია კვლევაში.
უძრავი ქონები სექტორის შესახებ კვლევების სერია "თიბისი კაპიტალმა" 2018 წლის აპრილში თბილისის ბაზრის ანალიზით დაიწყო. ბათუმზე კვლევის მომზადება ბაზრის არსებული და პოტენციური დიდი მოთამაშეების მზარდმა ინტერესმა განაპირობა, მიიღონ რელევანტური, სანდო და კომპეტენტური ინფორმაცია სექტორის შესახებ.

























