მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კვლევა: ლატარიებმა ვაქცინაციის მაჩვენებლები ამერიკაში თითქმის არ შეცვალა

616e89d0130e4
თათია კაკიაშვილი
20.10.21 00:15
745
ფულადი პრიზების, მათ შორის მილიონობით დოლარის მოპოვების შანსმა ვაქცინაციის მაჩვენებლები თითქმის არ შეცვალა, ეს კი იმ ქვეყნებში, სადაც Covid 19-ის საწინააღმდეგოდ ასაცრელად მოქალაქეების მოტივაციისთვის, გათამაშებები დააწესეს. ასეთია ჩატარებული კვლევის შედეგები, რომლის მიხედვით “ვაქცინაციის ლატარია წარუმატებლად” შეფასდა. ინფორმაციას ამერიკული "ფორბსი" ავრცელებს.

იმისთვის, რომ შეესწავლათ ვაქცინაციის მაჩვენებლებზე რამდენად დადებითი შედეგი გამოიღო საზოგადოების ფულადმა წახალისებამ, კოლორადოს უნივერსიტეტის მკვლევარებმა ამერიკის ის 19 შტატი იკვლიეს, სადაც მსგავსი პოლიტიკა გატარდა, მათ შორისაა ნიუ-იორკი, მერილენდი და ოჰაიო, სადაც აცრილ ადამიანებს მრავალმილიონიან ლატარიაში გამარჯვების შესაძლებლობა ჰქონდათ. მკვლევარებმა გამოთვალეს აცრების რაოდენობა შტატებში სტიმულის გამოცხადებამდე და შემდეგ და მიღებული მაჩვენებლები ერთმანეთს შეადარეს. გამოქვეყნებული დასკვნების თანახმად, აღმოჩნდა, რომ ფულადი ჯილდოების გამოცხადებას და შერჩეულ შტატებში ვაქცინაციის მაჩვენებლებს შორის “არავითარი სტატისტიკური კავშირი არ არის”, ანუ ეს იმას ნიშავს, რომ საზოგადოების ვაქცინაციის ლატარიებით წახალისებამ შედეგი ვერ გამოიღო.

კვლევის ავტორები განმარტავენ, რომ შედეგების შეჯამებისას ისინი 19-ვე შტატის მაჩვენებლებს, სადაც ლატარია შემოიღეს, კოლექტიურად, ანუ ერთიანობაში აკვირდებოდნენ. შესაძლოა, შტატებს შორის ვაქცინაციის განსხვავებული მაჩვენებლები დაფიქსირდა, თუმცა ეს სხვაობა ძალიან მცირეა და, მკვლევარების თქმით, ლატარიას ნაკლებად უკავშირდება. ამის საფუძველს იძლევა მეორე კვლევა, რომელიც თვეების განმავლობაში იმ შტატების ვაქცინაციის მაჩვენებლებს სწავლობდა, სადაც ლატარია ან სხვა ტიპის ფულადი წახალისების პოლიტიკა არ გატარებულა.

კვლევის ავტორებს უჭირთ ზუსტი მიზეზის დასახელება, რატომ არ გაამართლა ვაქცინაციის ლატარიამ, თუმცა ვარაუდობენ, რომ იმის მიუხედავად, რომ მილიონი დოლარის მოგების შანსი საკმაოდ მიმზიდველია, გარანტირებული შედეგი მაინც არ არსებობს. მკვლევარების თქმით, რაც შეიძლება მეტი ადამიანის ასაცრელად, შესაძლოა თითოეული მათგანის წახალისება ნაღდი ანგარიშსწორებით ან სიმბოლური საჩუქრით, მეტად ეფექტიანი ყოფილიყო. ამასთან, გასათვალისწინებელია როგორც საზოგადოების ინფორმირებულობის დონე, ისე მათი სანდოობა მსგავსი ლატარიების მიმართ, რადგან ხშირად ხალხს აცრა ფულადი ჯილდოს სანაცვლოდ გავრცელებული დეზინფორმაცია ჰგონია.

უნდა ითქვას ისიც, რომ ამ დრომდე აშშ-ში ლატარიის ეფექტიანობის გამოსავლენად კვლევა არ ჩატარებულა. შესაბამისად, მისი წარმატებულობის საზომად მხოლოდ კოლორადოს უნივერსიტეტის მკვლევარების ნაშრომი მიიჩნევა.

ვაქცინის ლატარიები ამერიკის რამდენიმე შტატში წლის დასაწყისში ვაქცინაციის მაჩვენებლების შემცირების გამო შემოიღეს. შტატებმა, გათამაშების ჩასატარებლად, ფულადი სახსრები კორონავირუსის ფედერალური ფონდიდან გამოყვეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები