"ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლებს დაბალი სოციო-ეკონომიკური სტატუსი გააჩნიათ", - კვლევა საქართველოს 7 ქალაქში საერთაშორისო ფონდმა „კურაციომ“ ჩაატარა. ანგარიშში ნათქვამია, რომ რესპონდენტთა დიდი უმრავლესობა უმუშევარია და გამოკითხულთა 51%-ის ყოველთვიური შემოსავალი 300 ლარზე (125 USD) ნაკლებია. "აივ ინფიცირების რისკის შემცველი და უსაფრთხო ქცევები ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლებში" კვლევის ფარგლებში გამოვლინდა, რომ ნარკოტიკის პირველი მოხმარებისა და ინექციური ნარკოტიკის მოხმარების დაწყების საშუალო ასაკი შეადგენს 15-16 წელს და 18-20 წელს.
კვლევამ ცხადჰყო, რომ 2015 წლის შემდეგ გაიზარდა არაინექციური ნარკოტიკის მოხმარება. 2015 წელთან შედარებით შემცირებულია "კრაკადილის" და მსგავსი სტიმულანტების მოხმარება. თუმცა გამოვლინდა ახალი მცენარე, რომლისგანაც კუსტარული ნარკოტიკული ნივთიერება მზადდება და მისი მოხმარება ნარკოტიკის პრობლემურ მომხმარებელთა მეხუთედმა დაასახელა.
კვლავ პრობლემად რჩება ინექციური ნარკოტიკის მომხმარებლების სქესობრივი ქცევა. "ყველა ქალაქში ძალიან მცირეა იმ რესპონდენტთა რაოდენობა, ვინც რეგულარულ პარტნიორთან იყენებს კონდომს. ყოველი მეორე ინექციური ნარკოტიკის მომხმარებელი აღნიშნავს საშუალოდ სამი შემთხვევითი სქესობრივი პარტნიორის ყოლას ბოლო 12 თვის განმავლობაში", - ნათქვამია ფონდ "კურაციოს" მიერ ჩატარებულ კვლევაში.

























