მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კვლევა: როგორია საქართველოში მომხმარებლის ქცევა COVID-19 პანდემიის პირობებში?

5eb3006f4af63
მარიამ ადამია
06.05.20 23:40
1700
როგორია საქართველოში მომხმარებლის ქცევა COVID-19 პანდემიის პირობებში და რა გავლენას ახდენს ვირუსი მომხმარებელზე? ამ საკითხზე კვლევა კომპანია „ანოვამ“ ჩაატარა, სადაც გაირკვა, რომ გამოკითხულთა 96% ნერვიულობს კორონავირუსის გავრცელებაზე, აქედან 1/3 სრულ იზოლაციაშია, ბოლო ორი კვირის განმავლობაში სახლიდან არ გამოსულა რესპონდენტთა 35%, 61% გამოდის მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, 4%-ს კი, საერთოდ არ შეუზღუდავს გადაადგილება.

გამოკითხულთა 85%-მა უფრო ხშირად დაიწყო ხელების დაბანა ვირუსის პრევენციის მიზნით. ამავე მიზეზით, 74% ატარებს ნიღაბს, 73% მოიხმარს სადეზინფექციო ხსნარს, 32%-მა კი, გააუქმა დაგეგმილი მოგზაურობა ან სხვა თარიღებში გადაიტანა ის.

რაც შეეხება სამსახურს, გამოკითხულთა 40% აგრძელებს მუშაობას, თუმცა ძირითადად დისტანციურ რეჟიმში. 12% უხელფასო შვებულებაში გაუშვეს, ხოლო 43% აცხადებს, რომ საერთოდ უსამსახუროდ დარჩა. ანუ ამ ეტაპზე ჯამში 55%-ია შემოსავლის გარეშე დარჩენილი.

ახლა გადავხედოთ ცვლილებებს ტრანსპორტის მიმართულებით, პანდემიის პერიოდში პირადი ავტომობილით და იმავე სიხშირით რაც კორონავირუსამდე ფიქსირდებოდა, 17% გადაადგილდება. 25% გაცილებით ნაკლებად მოიხმარს ტაქსის, ხოლო 16% ფეხით გადაადგილდება.

კვლევის თანახმად, ასევე ირკვევა, რომ გამოკითხულთა 22% აქვს ფინანსური შესაძლებლობა, რომ დარჩეს კარანტინში კიდევ ერთი თვე, 77%-ს კი, არ აქვს შესაბამისი დანაზოგები, იმისათვის რომ კიდევ ერთი თვე დარჩეს სახლში. ამიტომაც ადამიანების 29%-ს კორონავირუსზე მეტად, პროდუქციაზე ფასების გაზრდის და შემცირებულლი შემოსავალის ეშინია. 26% სამსახურის დაკარგვაზე წუხს. 25%-ს აწუხებს დოლარისა და ევროს კურსის ზრდა, ხოლო 14% ფიქრობს, რომ შესაძლოა პროდუქციის მარაგი ამოიწუროს ქვეყანაში.

და ბოლოს, კვლევამ გამოკვეთა ასევე ეფექტიანობის კუთხით ორგანიზაციების რეაგირება და შედეგად ადამიანთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ ყველაზე ოპერატიულად კორონავირუსს და კრიზისს დაავადებათა კონტროლის ცენტრი შეხვდა, რეიტინგში შემდეგ მოდის, ჯანდაცვის სამინისტრო, საავადმყოფოები, აფთიაქები, რიტეილ კომპანიები, შემდეგ სიაშია საბანკო სექტორი. ქართული ბიზნესი და ბოლოს საერთაშორისო ბიზნეს-კომპანიები, რომლებიც ოპერირებენ საქართველოში.

ინფორმაციისთვის, გამოკითხულ რესპონდენტთა 47% მამაკაცი იყო, 53% კი ქალბატონი. ყველაზე მაღალი პროცენტული წილი ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით, 25-დან 34 წლამდე დაფიქსირდა, ხოლო დასმული კითხვები შეეხებოდა პანდემიის პირობებში ადამიანთა დასაქმებას, კორონავირუსის პრევენციის ზომებსა და ქცევეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები