მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კვლევა: საქართველოს თითქმის ორჯერ მეტი ექიმი ჰყავს ვიდრე საშუალო ევროპულ ქვეყანას

5aa2aa74d064c
BM.GE
09.03.18 20:00
1380
ფონდმა კურაციომ ჯანდაცვის მეათე ბარომეტრი გამოაქვეყნა. ბარომეტრის მე-10 ტალღა ჯანდაცვის სფეროში დასაქმებული ადამიანური რესურსის სიტუაციურ ანალიზს წარმოადგენს, ფოკუსირდება რა ჯანდაცვის რესურსების რაოდენობაზე, პროფესიულ და გეოგრაფიულ განაწილებაზე და სამედიცინო განათლების საკითხებზე.

კვლევის ძირითადი მიგნებები: 

სამედიცინო კადრის რაოდენობრივი დისბალანსის პრობლემა

• ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ადამიანების რაოდენობით საქართველო სრულ ასიმეტრიაშია ევროპის რეგიონის ქვეყნებთან, რადგან:
• თითქმის ორჯერ მეტი ექიმი ჰყავს საქართველოს ვიდრე საშუალო ევროპულ ქვეყანას, ანუ დაახლოებით 10,000 ექიმით მეტი;
• თითქმის ორჯერ ნაკლები ექთანი (საშუალო სამედიცინო პერსონალი), ანუ დაახლოებით 12,500-ით ნაკლები.

• თუ გავითვალისწინებთ, რომ განვითარებულ ქვეყნებში სამედიცინო დაწესებულების ხარჯის დაახლოებით 60-70% დასაქმებულთა ხელფასზე მოდის, გამოდის, რომ ღარიბი საქართველო ჯანდაცვაში გაცილებით ძვირადღირებულ ადამიანურ რესურსს იყენებს (ნაცვლად ექთნებისა) და, შესაბამისად, ჯანდაცვის მომსახურებას მნიშვნელოვნად აძვირებს, რაც ფინანსურ ტვირთად მოსახლეობას აწვება.

• ეს დისბალანსი კიდევ იმით მწვავდება, რომ არსებობს სექიმო სპეციალობები, სადაც საქართველოს ექიმი თითქმის არ ჰყავს და თუ ყავს – მეტად არასაკმარისი რაოდენობით.

სამედიცინო კადრის გეოგრაფიული დისბალანსი

ექიმების სიჭარბის გარდა სამედიცინო კადრი ქვეყანაში არათანაბრად არის გადანაწილებული:

• თბილისს, სადაც ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 30% ცხოვრობს, დაახლოებით 15,000 ექიმი ემსახურება. ქვეყნის მოსახლეობის დანარჩენ 70%-ს კი – მხოლოდ 8,000 ექიმი;

• თბილისს ექთნები არ სჭირდება, რადგან ორ ექიმზე ერთი ექთანი მოდის მაშინ, როცა ევროპაში ეს თანაფარდობა პირიქითაა და ორი ექთანი ეხმარება ერთ ექიმს, შესაბამისად ხარისხიც უკეთესია;

• არც სხვა რეგიონებში არის საქმე კარგად: მცხეთა-მთიანეთში ერთ ექიმზე ერთი ექთანია, ხოლო რაჭა-ლეჩხუმში და ქვემო სვანეთში ერთ ექიმს 1.48 ექთანი ეხმარება.

ექიმების პროდუქტიულობა

ექიმების სიჭარბის და მოსახლეობის მხრიდან სამედიცინო მომსახურების დაბალი მოხმარების ფონზე ექიმების პროდუქტიულობა დაბალია როგორც ჰოსპიტალში, ასევე ამბულატორიაში.

• საქართველოში საავადმყოფოს ერთი ექიმი წელიწადში საშუალოდ 42 პაციენტს მკურალობს, უნგრეთში – 104-ს და გერმანიაში კი – 116-ს, ანუ თითქმის სამჯერ მეტს.
• საქართველოში ამბულატორიის ერთი ექიმი წელიწადში საშუალოდ 1,062 პაციენტს იღებს, ანუ დღეში საშუალოდ – ოთხს, ლიტვაში კი – 5,944 ანუ დღეში საშუალოდ – 24-ს.
• სავარაუდოა, რომ ექიმების დაბალი პროდუქტიულობა ნაწილობრივ ექთნების დეფიციტითაც იყოს განპირობებული

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები