ტექინსპექტირებისას მძღოლები ავტონაწილებსა და აღჭურვილობას ქირაობენ, - ამის შესახებ საუბარია არასამთავრობო ორგანიზაცია „ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ კვლევაში, რომლის პრეზენტაციაც დღეს გაიმართა.
კვლევის მიხედვით, ყველაზე მეტად გავრცელებულ მანიპულაციას წარმოადგენს გამონაბოლქვის ტესტის გავლის მიზნით მაღალი ხარისხის ბენზინის ერთჯერადად მოხმარება. ასევე ხშირია ავტონაწილების და აღჭურვილობის (საბურავი, ფარი, ცეცხლმაქრი, სააფთიაქო ყუთი და სხვ.) ინსპექტირების გასავლელად თხოვება-ქირაობა ონლაინ და ავტონაწილების ბაზრობებზე.
“ამასთან, ავტომფლობელები ინსპექტირების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად “გონებამახვილურ” ხერხებსაც მიმართავენ, რაც სხვადასხვა ავტონაწილებზე ერთჯერად ან პერმანენტულ მანიპულაციებს და საკანონმდებლო ხარვეზების მათ სასარგებლოდ გამოყენებას გულისხმობს, როგორიცაა, მაგალითად, ავტოსატრანსპორტო საშუალების კორპუსის დეტალის ცვლილება, ასევე, ხარვეზების აღმოფხვრის გარეშე ყოველ 30 დღეში ინსპექტირების ხელახლა გავლა ან მხოლოდ ჯარიმის გადახდა ყოველთვიურად (რაც უფრო შეღავათიანია ფინანსურად)”, - აღნიშნულია კვლევაში.
აქვე მითითებულია, რომ მსგავს ხერხებს მძღოლებს აიძულებს ის ფაქტი, რომ ტექინსპექტირების ამოქმედების შემდეგ, მნიშვნელოვნადაა გაზრდილი ავტონაწილების და ავტოსერვისის ფასები.
“სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო ამჟამად მუშაობს ჯარიმის თავის არიდების მიზნით ინსპექტირების ყოველთვე გავლის დასარეგულირებლად. განმეორებით ინსპექტირებაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების (ასს-ს) ხელახალი ვიზუალური დათვალიერების ამოქმედებაც ნაწილობრივ პასუხობს ამ გამოწვევას. თუმცა ინსპექტორის მიერ ერთჯერადი მანიპულაციების იდენტიფიკაცია თითქმის შეუძლებელია. არის შემთხვევები, როდესაც ინსპექტორი შეიძლება მიხვდეს, რომ ასს-ს გარკვეული ხარვეზი მანიპულირების ხარჯზე აქვს გამოსწორებული ან დაფარული, თუმცა, ასს-ს მოდელების ქარხნული სპეციფიკაციების მრავალფეროვნებიდან და ინფორმაციის ლეგიტიმურ წყაროსთან ხელმიუწვდომლობიდან გამომდინარე, ხშირ შემთხვევაში შეუძლებელია გაჩენილი ეჭვის გადამოწმება.
ზემოთგანხილული გამოწვევების, ინსპექტირების პროცესის ორგანოლეპტიკურობის/შეფასების სუბიექტური ხასიათის და ადამიანური ფაქტორის გათვალისწინებით, პროცესში შესაძლებელია გარკვეულ ხარვეზებზე შეცდომის დაშვება და თვალის დახუჭვა. ინსპექტორების მიერ პროცესის სუბიექტურობით სარგებლობის კონტროლს მონიტორინგის გამჭვირვალე მექანიზმით უნდა უზრუნველყოფდეს, რაც გულისხმობს ინსპექტირების ერთიანი და ყოველდღიურად განახლებადი ელექტრონული სისტემის მუდმივ დამუშავებას და რისკების ანალიზს”, - ნათქვამია კვლევაში.
აქვე მითითებულია, რომ ამჟამად მონიტორინგი ეფუძნება პტი ცენტრებში დამონტაჟებული 24-საათიანი ვიდეომეთვალყურეობის ჩანაწერების გამოთხოვას და დაკვირვებას, რაც მათი შეფასებით, არ წარმოადგენს გამჭვირვალე და ეფექტურ მექანიზმს.
“დამატებით, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ინსპექტირების პროცესის სპეციფიკიდან გამომდინარე, არაპროპორციულია ინსპექტორის წინააღმდეგ ბრალდების იმ მუხლით საქმის წარმოება, რომელიც სასჯელად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას და პროპორციული იქნებოდა ფინანსური ჯარიმის შეფარდება.
მნიშვნელოვანია ინსპექტირების პროცესის ერთგვაროვანი მიდგომების უზრუნველყოფა ტექნიკური რეგლამენტების დახვეწით, რეფორმის და რეგლამენტების შემუშავება-განხორციელებაში ჩართული სახელმწიფო უწყებების - აკრედიტაციის ცენტრის და სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს - მიერ ინსპექტორების პერიოდული ინტენსიური გადამზადებით, ერთიან ელექტრონულ სისტემაზე დაფუძნებული მონიტორინგის გამჭვირვალე მექანიზმის და ხარვეზების მათი მნიშვნელოვნებით მიხედვით დახარისხების (უმნიშვნელო, მნიშვნელოვანი, საშიში) საშუალებით”, - ნათქვამია კვლევაში.

























