პანდემიის დასრულების შემდგომ, აქამდე არსებული სამუშაო გარემო შესაძლოა სრულად შეიცვალოს. ახალი კვლევები გვიჩვენებს, თუ რამდენად პროდუქტიული შეიძლება იყოს დასაქმებულთათვის ჰიბრიდული ტიპის რეჟიმზე გადასვლა.
მას შემდგომ, რაც კოვიდპანდემია დასრულდება, ამერიკის შეერთებული შტატების სამუშაო ძალის 20% შესაძლოა დისტანციურად მომუშავე პერსონალმა დაიკავოს. აღსანიშნავია, რომ პანდემიამდე ეს მაჩვენებელი 5%-ს შეადგენდა. კვლევების თანახმად, პრეპანდემიური დონეების შესაბამისად, გაიზრდება პროდუქტიულობა და შემცირდება ქალაქის ცენტრებში გადაადგილებისთვის გაწეული ხარჯიც და დროც.
კვლევის შედეგები ეყრდნობა მსხვილი დამსაქმებლების ინტერვიუებსა და 2020 წლის მაისიდან 2021 წლის მარტამდე ჩატარებული ყოველთვიური კვლევების მონაცემებს. გამოკითხულთა შორის იყო 20-64 წლის ასაკის მომუშავე პერსონალი, რომელთა შემოსავალი, 2019 წლის მონაცემებით, ყველაზე მცირე, 20,000 აშშ დოლარს უდრიდა. რესპონდენტების თქმით, სახლიდან მუშაობის გამოცდილება იმაზე ბევრად კარგი და პროდუქტიული აღმოჩნდა, ვიდრე ისინი ელოდნენ.
აღსანიშნავია, რომ დასაქმებულების მიერ საშუალოდ 15 საათისა და 560 აშშ დოლარის ინვესტიცია იყო საკმარისი იმისთვის, რომ სახლში სამუშაო გარემო განვითარებულიყო, ეს კი ყოველწლიური მთლიანი შიდა პროდუქტის 0,7%-ს შეადგენს. ამას ემატება დამსაქმებლების მიერ გაღებული ინვესტიციები ე.წ. გამოთვლითი ღრუბლისა (cloud computing) და სხვა სახის ტექნოლოგიებისთვის, რაც დისტანციურად სამუშაო გარემოს შექმნისთვის იყო განკუთვნილი. ტექნოლოგიური ინოვაციების პატენტების ოდენობა, რომლებიც სახლიდან მუშაობისთვის შესაფერისი გარემოს შექმნისთვის იყო გათვალისწინებული, 2020 წლის იანვრიდან სექტემბრამდე გაორმაგდა.
რაც შეეხება ინოვაციურ მარეგულირებელ პოლიტიკას, როგორიცაა თუნდაც ჯანდაცვის პერსონალის დისტანციურად მუშაობა, ის რადიკალურად შეცვლის პოსტკოვიდურ სამუშაო გარემოს. ინოვაციური მარეგულირებელი პოლიტიკა კი, როგორიცაა თუნდაც ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული პირების დისტანციური მუშაობა, სრულად შეცვლის პანდემიის შემდგომ სამუშაო გარემოს სტრუქტურას.
მნიშვნელოვანია, რომ რესპონდენტთა თქმით, პოსტპანდემიურ პერიოდში მსგავსი ტიპის ჰიბრიდული სამუშაო მოდელი დადებითად იმოქმედებს ეკონომიკურ ზრდაზე და, მათივე გამოთვლებით, ეკონომიკურმა ზრდამ 4.6% უნდა შეადგინოს, რაც დიდწილად სამუშაო ძალის ყოველდღიური გადაადგილებისას დახარჯული დროის შემცირებაზე მოდის. უახლოეს კვლევებზე დაყრდნობით, რესპონდენტთა დაახლოებით 30% აპირებს, რომ პრეპანდემიურ აქტივობებს დაუბრუნდეს. მათ აშინებთ ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ხალხმრავალი სატრანსპორტო საშუალებები და ლიფტები, სასადილოები.
თუმცა მანამ, სანამ სამუშაო პერსონალი აბსოლუტურად ყველა დემოგრაფიული ჯგუფიდან გამოთქვამს მოლოდინს, რომ პოსტპანდემიურ პერიოდშიც გააგრძელებენ სახლიდან მუშაობას, უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი ტიპის მოლოდინი უმეტეს შემთხვევაში ისეთ კატეგორიებში მართლდება, რომელთაც განათლების მაღალი დონე ან შედარებით მაღალი შემოსავალი გამოარჩევთ. დისტანციურად მომუშავე ადამიანების მხოლოდ 10% არის უდიპლომო, 50%-ს კი უმაღლესი განათლება აქვს. ხოლო იმ ადამიანების რიცხვი, რომელთა შემოსავალიც ყოველწლიურად 150.000 აშშ დოლარს აღემატება და ამასთან ერთად ჰიბრიდულ სამუშაო რეჟიმზეა, ორჯერ მეტია, ვიდრე 20-50 ათას აშშ დოლარამდე გამომმუშავებელთა შემთხვევაში.
მნიშვნელოვანია, რომ, კვლევის მიხედვით, მთლიანი სამუშაო დღის 20% სახლიდან განხორციელდება. შესაბამისად, საკმაოდ მაღალი ალბათობა არსებობს იმისა, რომ დასაქმებულთა ნახევარმა დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადასვლა შეძლოს. თუმცა დასაქმებულები აღნიშნავენ, რომ მათთვის უმჯობესია, თუ პერსონალი სამუშაო კვირიდან მინიმუმ სამ დღეს ოფისში გაატარებს, რაც მათი პროდუქტიულობის, მოტივაციისა და კოლაბორაციის ხარისხს არ დასწევს და სამუშაო კულტურასაც შეუნარჩუნებს.
Forbes.ge