Act-ის მიერ ჩატარებული კვლევა სახელწოდებით, "დამსაქმებელთა დამოკიდებულების კვლევა პროფესიული სასწავლებლების მიმართ" აჩვენებეს, რომ გამოკითხული კომპანიების 56%-ს სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მოდელის პროგრამაში მონაწილეობის სურვილი აქვს.
კვლევის პროცესში დამსაქმებლებს შესთავაზეს სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მოდელის ორი სხვადასხვა სქემა და სთხოვეს, დაესახელებინათ მათთვი სასურველი. აღმოჩნდა, რომ რესპონდენტების თითქმის ¾-ის მოწონებას იმსახურებს ის ვერსია, როდესაც სახელმწიფო ფარავს როგორც საწარმოში, ასევე კოლეჯში სწავლის დანახარჯებს. ვერსია, რომელშიც დამსაქმებელი ფარავს პროფესიული სწავლების იმ ნაწილს, რომელიც ხორციელდება საწარმოში, ბევრად ნაკლებად მიმზიდველი აღმოჩნდა და რესპონდენტების მხოლოდ 17%-ის მოწონება დაიმსახურა. მთლიანობაში, პროგრამაში მონაწილეობის სურვილს გამოთქვამს გამოკითხულების ნახევარზე ოდნავ მეტი, 29% კი დასახელებულ პროგრამაში ჩართვის წინააღმდეგია.
კვლევამ უჩვენა, რომ გამოკითხულ დამსაქმებლებს ორი ძირითადი მიზეზის გამო არ სურთ ჩართვა სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მოდელის პროგრამაში - 41% პროგრამაში ჩართვას კომპანიისთვის ზედმეტ დანახარჯებს უკავშირებს, 39% კი, უბრალოდ, ვერ ხედავს ვერანაირ სარგებელს კომპანიისთვის ამ პროცესიდან. გამოკითხულების 13% კი ფირქობს, რომ პროგრამაში ჩართვა ავტომატურად ნიშნავს მეტ დატვირთვას თანამშრომლებისთვის და მეტი რესურსის (კომპიუტერი, ადგილი) საჭიროებას და ურჩევნია, ამას თავი აარიდოს.
რაც შეეხება დაფუძნებული სწავლების მოდელის პროგარამაში ჩართვის აღქმულ სარგებელს, კვლევამ უჩვენა, რომ კომპანიების უპირველესი მოტივაციაა, თვითონვე მოამზადონ მაღალი ხარისხის კადრები, - ასე ფიქრობს გამოკითხულების ნახევარი. მათი ერთი მესამედი კი ვარაუდობს, რომ თვითონ მოამზადებს სამომავლოდ საკუთარ პერსონალს (32%). ასევე, საგულისხმოა რომ რესპონდენტების არც ის არის უმნიშვნელო, რომ ზოგადად, გააუმჯობესებენ პროფესიული განათლების ხარისხს (28%).
კვლევაში მონაწილეობა მიიღეს პროფესიული პროფესიული სასწავლებლების სტუდენტების პოტენციურმა დამსაქმებელმა ორგანიზაციებმა. კვლევის ფარგლებში სულ 279 ორგანიზაცია გამოიკითხა.

























