საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივით, "ევროპული ფონდის სამხრეთ–აღმოსავლეთ ევროპისათვის" განვითარების პროგრამის (EFSE DF) მხარდაჭერითა და კვლევითი ორგანიზაცია "სონარის" ჩართულობით განხორციელებული ფინანსური განათლებისა და ჩართულობის კვლევის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით 1,100 ადამიანი გამოიკითხა მოსახლეობის ფინანსური ცოდნის, ქცევებისა და დამოკიდებულებების შესასწავლად. კვლევის ავტორებმა შედეგები საზოგადოებას 29 ივლისის კონფერენციაზე სახელწოდებით "ფინანსური განათლება ფინანსური კეთილდღეობისთვის" წარუდგინეს. აღნიშნული კონფერენცია გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის (SBFIC) მხარდაჭერით გაიმართა.
ეროვნული ბანკის ცნობით, კვლევის შედეგებმა ცხადყო, რომ საქართველოს მოსახლეობას საბაზისო ფინანსური ცნებების - როგორიცაა პროცენტი, რისკები და უკუგება, ინფლაცია - დამაკმაყოფილებელი ცოდნა აქვს. გამოკითხულთა ნახევარზე მეტი ამა თუ იმ ფორმით ზოგავს ფულს, ხოლო გამოკითხულთა 87%-მა აღნიშნა, რომ მონაწილეობას იღებს პირადი ან ოჯახის მნიშვნელოვანი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაში.
თუმცაღა, აღნიშნულმა კვლევამ ასევე წარმოაჩინა, რომ ხშირ შემთხვევაში, მომხმარებლებს ფინანსური პროდუქტების არასათანადო ცოდნა აქვთ და შესაბამისად, ნაკლებად იყენებენ მათ; გარდა ამისა, გამოკითხულთა დიდი ნაწილი ფულს სახლში ინახავს და მხოლოდ მოკლევადიანი ფინანსური მიზანი აქვს, ან საერთოდ არ გააჩნია ფინანსური მიზანი.
„აღნიშნული კვლევის შედეგები მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის ერთის მხრივ, ფინანსური განათლების მიმართულებით ქვეყანაში არსებული გამოწვევებისა და ხარვეზების შესახებ, და მეორე მხრივ, იმ გზების შესახებ, რომლითაც შესაძლებელია მოსახლეობის ფინანსური განათლების დონის გაუმჯობესება. აღნიშნული კვლევა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ფინანსური განათლების საერთაშორისო ქსელის (OECD/INFE) მეთოდოლოგიის მიხედვით, საქართველოში პირველად განხორციელდა. ქვეყანაში დაფიქსირებული შედეგები ჩართული იქნება საერთაშორისო შედარებით ანგარიშში, რომელსაც OECD მიმდინარე წლის ბოლომდე გამოსცემს.
ამასთან, აღნიშნულ კონფერენციაზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საზოგადოებას EFSE-ს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით ბინათმესაკუთრეებისა და მცირე ბიზნესებისთვის შექმნილი საგანმანათლებლო ბროშურები წარუდგინა. მომავალი ბინათმესაკუთრეებისთვის განკუთვნილი ბროშურა იპოთეკურ სესხთან დაკავშირებულ ძირითად საკითხებს, მათ შორის, ხელშეკრულების მნიშვნელოვან პირობებს განიხილავს და მომხმარებელს ეხმარება განსაზღვროს, თუ რა მოცულობის თანხის სესხება შეუძლია, რაც ჭარბვალიანობის თავიდან აცილების გზას წარმოადგენს. ბროშურა მცირე ბიზნესის მფლობელთათვის კი მომხმარებლებს უცხოურ ვალუტაში სესხებასთან დაკავშირებული რისკების რეალისტურად შეფასებას ასწავლის. ამასთან, ეს ბროშურა მცირე ბიზნესის გასაძლიერებლად პრაქტიკულ და ადვილად აღსაქმელ რჩევებს იძლევა და მას დანართად 3 პრაქტიკული მოდელი მოჰყვება, რომლებიც მცირე ბიზნესებს უკეთესი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება. აღნიშნული ბროშურები გამოიცა ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე და უახლოესი თვეების განმავლობაში ისინი ფინანსურ ინსტიტუტებსა და უნივერსიტეტებში გავრცელდება. გარდა ამისა, ბროშურები ხელმისაწვდომია EFSE-ს ვებგვერდზე www.efse.lu და საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე www.nbg.gov.ge“, - განმარტავენ ეროვნულ ბანკში.
EFSE-ს განვითარების პროგრამის კომიტეტის წევრმა, ევა ვან დერ ჰოიველმა განაცხადა: "ვამაყობთ იმით, რომ დავაფინანსეთ კვლევა და მონაწილეობა მივიღეთ ბროშურების განვითარების პროცესში. ეს ორი პროექტი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ფინანსური განათლების გაუმჯობესების კუთხით, რაც EFSE-ს განვითარების პროგრამის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს".

























