მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ლა გაზეტა დელო სპორტი" საქართველოში შემოდის - Sports Media Holding

ლა გაზეტა დელო სპორტი

"ლა გაზეტა დელო სპორტი" საქართველოში შემოდის. როგორც კომპანია Sports Media Holding-ის დამფუძნებელმა ლაშა მაჭავარიანმა "ბიზნესის კვირულში" განაცხადა, 2024 წლის პირველი იანვრიდან, მსოფლიოში წამყვანი სპორტული მედიასაშუალება - "ლა გაზეტა დელო სპორტი" ქართველი მომხმარებლისთვისაც ხელმისაწვდომი გახდება.

"საუბარი არის იმაზე, რომ ეს იქნება გამოცემის ბეჭდური ვარიანტიც, თუმცა არა - ყოველდღიური; სავარაუდოდ, კვარტალში ერთხელ გამოიცემა. ამასთანავე, ცხადია, იქნება ციფრული ვერსიაც, როგორც - აპლიკაცია, ისე - ვებგვერდი და სოციალური მედიის გვერდი, სადაც 2024 წლის პირველი იანვრიდან ყველა სიახლე ქართულ ენაზე განთავსდება", - ამბობს ლაშა მაჭავარიანი.

მისივე ცნობით, "ლა გაზეტა დელო სპორტის" არჩევის მთავარი მიზეზი ის ფაქტი გახდა, რომ ის არამხოლოდ ბეჭდური, არამედ მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ციფრული მედიასაშუალებაა და ყველაზე მნიშვნელოვანი სპორტული მიმართულებების შესახებ გამოცემებს შორის სანდოობით სარგებლობს.

"დაახლოებით, ერთი წლის მანძილზე ძალიან ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობდა. ეს გარიგება არამხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონულ მასშტაბს და ცოტა მეტსაც კი მოიცავს, თუმცა ჩვენ, გამომდინარე იქიდან, რომ ქართველები ვართ, ყველაზე მეტად საქართველოზე შეგვტკივა გული, ამიტომ გადავწყვიტეთ, პირველად გამოცემა სწორედ საქართველოში შემოგვეყვანა", - აცხადებს Sports Media Holding -ის დამფუძნებელი.

Sports Media Holding (SMH) არის ქართული კომპანია, რომელიც აქტიურად ოპერირებს საერთაშორისო ბაზარზე iGaming-ისა და სპორტის მიმართულებით. ბრენდი 2017 წლიდან ჩართულია სხვადასხვა მიმართულებით სპორტული მედიის, სპორტული ფედერაციების, კლუბების და სპორტული სარეკლამო ინვენტარის მენეჯმენტში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები