მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

La Gazzetta dello Sport 2025 წლიდან უკრაინასა და რუმინეთში შედის - SMH Global-ის გეგმები

geo

SMH Global, რომელიც საქართველოში ავტორიტეტული იტალიური სპორტული გამოცემის, La Gazzetta Dello Sport-ის ოფიციალური წარმომადგენელია, ფრენჩაიზს საქართველოს მიღმა - უკრაინასა და რუმინეთში აფართოებს. ამის შესახებ BMGDrive-ის ეთერში SMH Global-ის დამფუძნებელმა, ლაშა მაჭავარიანმა ისაუბრა.

"La Gazzetta-ს რაც შეეხება, 2025 წლის იანვარში აუცილებლად დავიწყებთ უკრაინასა და რუმინეთში იმავე გზის გავლას, რაც საქართველოში გავიარეთ. ჩვენ როდესაც გამოცემა საქართველოში შემოვიყვანეთ, მაშინვე განვაცხადეთ, რომ შემდეგი ქვეყანა აუცილებლად იქნებოდა უკრაინა, გამომდინარე იქიდან, რომ, პირველ რიგში, ჩვენ სოლიდარულნი ვართ უკრაინის მიმართ და გვინდა, მაქსიმალურად დავეხმაროთ, რითაც შეგვიძლია; ასევე იმიტომ, რომ იქ ძალიან პოპულარულია "ლა გაზეტა" გამომდინარე იქიდან, რომ ანდრეი შევჩენკო, რომელიც არა მხოლოდ უკრაინის, მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავია, მილანში თამაშობდა და საზოგადოებაში ცნობადობაც ძალიან მაღალი აქვს. რაც შეეხება რუმინეთს, ეს ძალიან დიდი ბაზარია, 20-მილიონიანი მოსახლეობით და სპორტული მედია ძალიან განვითარებულია", - აღნიშნავს ლაშა მაჭავარიანი.

SMH Global-ის განვითარების გეგმებზე საუბრისას კომპანიის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ პრიორიტეტი სწორედ La Gazzetta-ს განვითარებაა, რასაც ქართულ კომპანიასთან ერთად გააგრძელებს.

"ევროპის მასშტაბით ძალიან ბევრ მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ, მაგრამ ყოველთვის ვცდილობთ, რომ ნებისმიერი წამოწყება საქართველოდან დავიწყოთ და შემდეგ გავაკეთოთ უკვე ამის ექსპორტი მეზობელ რეგიონებში. ასე იყო Setanta-ც, La Gazzetta-ც, eSports Insider-იც და სხვაც.

ამჟამად ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია La Gazzetta dello Sport-ის გაგრძელება. მოგეხსენებათ, სრული ერთი წელიც არ არის, რაც გავუშვით, თუმცა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ერთ-ერთ მოწინავე ადგილზე ვართ საქართველოში, მიუხედავად სპორტულ მედიებში არსებული ძალიან დიდი კონკურენციისა.

დავპარტნიორდით საქართველოში ყველაზე მსხვილ iGaming ორგანიზაციასთან და მათთან ერთად გავაგრძელებთ "ლა გაზეტას" განვითარებას", - ამბობს ლაშა მაჭავარიანი, თუმცა კომპანიის სახელწოდებას ამ ეტაპისთვის არ ასახელებს.

ცნობისთვის, La Gazzetta dello Sport Georgia პირველი შემთხვევაა იტალიური გამოცემის 120-წლიან ისტორიაში, კომპანიამ ევრაზიის ფრენჩაიზი გაყიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები