მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

La Roche-Posay-ის პროდუქტი აშშ-ში გაყიდვიდან ამოიღეს - მიზეზი კანცეროგენული ფორმულაა

effaclar duo

L'Oreal-მა შეერთებული შტატების მასშტაბით გაყიდვიდან ამოიღო La Roche-Posay-ის აკნეს ლაქების სამკურნალო პროდუქტი Effaclar Duo-ს ხაზიდან, რადგან არსებობს რისკი, რომ პროდუქტი ბენზოლს შეიცავს, რომელიც კანცეროგენია.

საქმე ისაა, რომ La Roche-Posay-ის აკნესგან დარჩენილი ლაქების სამკურნალო პროდუქტი Effaclar Duo Acne Spot Treatment ბენზოლინის პეროქსიდს შეიცავს. ზოგიერთ შემთხვევაში, მაგალითად, თუ ბენზოლინის პეროქსიდი მაღალი ტემპერატურის ან ულტრაიისფერი დასხივების ქვეშ ხვდება, არსებობს რისკი, რომ ის კანცეროგენულ ბენზოლინად გადაიქცეს.

L'Oreal-ის გადაწყვეტილებას, ბაზრიდან გამოეხმო Effaclar Duo-ს ხაზის აკნეს ლაქების საწინააღმდეგო პროდუქტები, წინ უსწრებდა ერთი წლის წინ დამოუკიდებელი ლაბორატორიის, Vailsure-ის მიერ ჩატარებული კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ მრავალი პროდუქტი, რომელიც ამერიკული მაღაზიების თაროებზეა განთავსებული, მაღალი დოზით შეიცავს ბენზოლინის პეროქსიდსა და ბენზოლინს. გამოქვეყნებული ანგარიშით Vailsure-მა აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია FDA-ის მოუწოდა, სარისკო პროდუქტები გაყიდვიდან ამოეღო.

სამედიცინო გამოცემა Health-სთან, La Roche-Posay-ის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კომპანიამ ბენზოლინის კვალს Effaclar Duo-ს ხაზის მხოლოდ ერთ პროდუქტში მიაგნო.

"მიუხედავად იმისა, რომ აღმოჩენილი კონცენტრაცია არ წარმოადგენს უსაფრთხოებისთვის რისკს, ჩვენ მზად ვართ, ხარისხის უმაღლესი სტანდარტი დავაკმაყოფილოთ. შესაბამისად, FDA-სთან ახლო თანამშრომლობით, პროაქტიურად გადავწყვიტეთ, რომ გაყიდვიდან ამოვიღოთ არსებულ ფორმულაზე დამზადებული Effaclar Duo-ს დარჩენილი ლიმიტირებული ერთეულები", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

L'Oreal-მა Effaclar Duo Acne Spot Treatment-ის დარჩენილი ყველა ერთეული ამოიღო შეერთებული შტატების ბაზრიდან, თუმცა უცნობია, ზუსტად რამდენ ინდივიდუალურ პროდუქტს შეეხო კანცეროგენის პრობლემა. La Roche-Posay-ის Effaclar Duo Acne Spot Treatment აღარც კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე იყიდება. გაყიდვაში რჩება ბრენდის სხვა პროდუქტები, მათ შორის იმავე ხაზის, Effaclar Duo-ს სახის დასაბანი საშუალებებიც.

ბენზოლინი უფერო, თხევადი, მარტივად აორთქლებადი ნივთიერებაა, რომელიც მიიღება როგორც ბუნებრივ პირობებში, ასევე ადამიანის ქმედებების შედეგად. აკნეს სამკურნალო პროდუქტების შემთხვევაში, ბენზოლინის გაჩენას ბენზოლინის პეროქსიდის გარდაქმნა იწვევს.

ნივთიერება კანცეროგენად არის აღიარებული კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს, ტოქსიკოლოგიის ეროვნული პროგრამისა და გარემოს დაცვის სააგენტოს მიერ. ამერიკის კიბოს საზოგადოების ინფორმაციით, ბენზოლინი დაკავშირებულია კონკრეტული ტიპის კიბოს, ლეიკემიისა და სისხლის კიბოს გაჩენის მაღალ რისკებთან.

La Roche-Posay-ის Effaclar Duo Acne Spot Treatment-ის შეძენა კომპანიის ოფიციალური ვებგვერდიდან ან აშშ-ს მაღაზიებსა და აფთიაქებში შესაძლებელი აღარ არის. მიუხედავად ამისა, კომპანიას არ გაუვრცელებია ოფიციალური განცხადება პროდუქტის გაყიდვიდან ამოღების შესახებ, ან იმაზე, როგორ უნდა მოიქცეს მომხმარებელი, თუ აღნიშნული პროდუქტი უკვე აქვს და იყენებს. ასევე უცნობია, როგორ შეეხება პროდუქტის გამოხმობა დანარჩენ ქვეყნებს, სადაც La Roche-Posay იყიდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები