თამბაქოს წარმოება ლიცენზირებადი საქმიანობა ხდება. სალიცენზიო მოსაკრებლის განაკვეთი კი 50 000 ლარი იქნება. ცვლილების განხილვა დღეს პარლამენტში დაჩქარებული წესით დაიწყო. ახალი რეგულაცია მწარმოებლებს ლაბორატორიის მოწყობასაც დაავალდებულებს. როგორც პროექტის ინიციატორები განმარტავენ, თამბაქოს წარმოების დარგში ჯანმრთელობისთვის საშიში ნედლეულის გამოყენების შემცირებისთვის აუცილებელია თამბაქოს წარმოების პროცესის გაჯანსაღება. ექსპერტების ნაწილი კი აცხადებს, რომ პარლამენტში ინიცირებული ცვლილებები გაუგებარია და ახალმა რეგულაციებმა შესაძლოა, საქართველოდან კომპანიების გასვლა გამოიწვიოს. თამბაქოს კონტროლის მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციები კი მთავრობასა და პარლამენტს დარგისთვის კიდევ უფრო მკაცრი რეგულაციების დაწესებისკენ მოუწოდებენ.