მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლადო პაპავა: "ეროვნულმა ბანკმა ინფლაციის თარგეთირების რეჟიმზე უარი უნდა თქვას"

5ce5162911fda
BM.GE
22.05.19 13:26
2453
„საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ინფლაციის თარგეთირების რეჟიმზე უარი უნდა თქვას“ – IPN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში პროფესორი ლადო პაპავა დოლართან მიმართებით ლარის გაუფასურების პროცესებსა და მიზეზებზე საუბრობს და აცხადებს, რომ აუცილებელია საქართველოს მსგავსი ეკონომიკის მქონე ქვეყანამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის შაბლონურ მონეტარულ პოლიტიკაზე უარი თქვას.

მისი შეფასებით, სების დღევანდელ ხელმძღვანელობას „ამის უნარი და მზაობა არ გააჩნია.“

„საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის მიზნობრივ მაჩვენებელს წარმოადგენს ინფლაცია.

ამ ტიპის მონეტარულ პოლიტიკას, როგორც ცნობილია, ინფლაციის თარგეთირება ეწოდება, რომელსაც საერთაშორისო სავალუტო ფონდი ლობირებს და რომელიც დღეს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გამოიყენება.

ნობელის პრემიის ლაურეატმა ეკონომიკაში ჯოზეფ სტიგლიცმა თვალნათლივ აჩვენა, რომ ინფლაციის თარგეთირების რეჟიმი უსუსურია იმპორტზე დამოკიდებლ ქვეყნებში, როცა ადგილი აქვს ინფლაციის იმპორტს. საქართველო კი, სწორედ ასეთი ქვეყანაა, რადგანაც იმპორტი 3-ჯერ და მეტად აღემატება ექსპორტს.

ინფლაციის თარგეთირების პირობებში ცენტრალურ ბანკს არ ევალება ყურადღება მიაქციოს ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვალებადობას. მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ფაქტობრივი ინფლაცია მნიშვნელოვნად და თანაც შედარებით ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გადაიხრება ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლისგან, შესაძლოა ეროვნულმა ბანკმა მიზანშეწონილად ჩათვალოს სავალუტო კურსის გარკვეული დოზით დარეგულირება.

ჩვენნაირი ეკონომიკის მქონე ქვეყანაში ინლაციის თარგეთირების რეჟიმი ეფექტიანად ვერ იმუშავებს და არც მუშაობს. აუცილებელია, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უარი თქვას ამ რეჟიმზე. სამწუხაროდ, ეროვნული ბანკის დღევანდელ ხელმძღვანელობას არ გააჩნია ამის უნარი და მზაობა, რომ მეტ-ნაკლებად წინააღმდეგობა გაუწიოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის აშკარა შაბლონურ მიდგომას მონეტარული პოლიტიკის მიმართ“, - აცხადებს პაპავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები