„როდესაც უცხოელ ინვესტორებს ვესაუბრები, ამბობენ, რომ საქართველო შესანიშნავია ინვესტიციებისთვის, თუმცა პრობლემა არის ის, რომ ინვესტორები მათთვის საჭირო პროფესიული უნარების მქონე კადრებს ვერ პოულობენ,“ - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველმა დირექტორმა კრისტინ ლაგარდმა თბილისში, ქართველ სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.
ლაგარდი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ინტელექტი სწორად უნდა განვითარდეს.
„საქართველოში თუ რაიმე უნდა გაკეთდეს პროფესიული განათლების მიმართულებით უნდა გაკეთდეს და სწორედ ამიტომ არის გამართლებული საქართველოს მთავრობის აქცენტები პროფესიულ განათლებაზე.
აქ მომსახურების სტანდარტი უნდა ავწიოთ. ეს აბსოლუტურად განსხვავებული თამაშის წესები იქნება, რომელიც იქნება სრულყოფილი, ყოვლისმომცველი და ფისკალურად მდგრადი. პროფესიული განათლება აუცილებელია იმისათვის, რომ შრომით ბაზარზე არსებული მოთხოვნა დაკმაყოფილდეს“, - განაცხადა კრისტინ ლაგარდმა.
შეგახსენებთ, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორი კრისტინ ლაგარდი იმყოფება. ლაგარდი, სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს შეხვდა.

























