მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლაგოდეხსა და მარნეულში ფერმერ ქალებს სასათბურე მეურნეობის მოწყობას დაუფინანსებენ

632ea24e34242
BM.GE
24.09.22 10:28
1064
სოფლის განვითარების სააგენტოსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის საპილოტე პროგრამის ფარგლებში, ლაგოდეხისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში ქალ ფერმერებს საშუალება მიეცემათ, მცირე მიწის ნაკვეთზე სასათბურე მეურნეობა მოაწყონ და სოფლის მეურნეობის პროდუქცია მთელი წლის განმავლობაში აწარმოონ. პროგრამით დაფინანსდება არანაკლებ 200 კვ/მ ფართის მქონე მეურნეობის მოწყობისთვის საჭირო თანხის არა უმეტეს 90% (მაქსიმალური ოდენობა 25 000 ლარი). ფინანსურთან ერთად, პროგრამა მონაწილეების ტექნიკურ დახმარებასაც მოიაზრებს.

პროგრამაში რეგისტრაცია 20 სექტემბერს დაიწყო.

„გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად, სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით შევქმენით პროგრამა მარნეულის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებისთვის. პროგრამის ფარგლებში, მცირემიწიან ქალებს შესაძლებლობა ეძლევათ, მოაწყონ სასათბურე მეურნეობა და დაეუფლონ აგროტექნოლოგიურ უნარებს, მოიყვანონ სასოფლო-სამეურნეო კულტურები, მოახდინონ მათი რეალიზაცია და გახდნენ ეკონომიკურად აქტიურები“, - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ილია თამარაშვილმა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს სამთავრობო პარტნიორებს, ასევე, შვეიცარიისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოებს ამ პროგრამის მხარდაჭერისთვის. გაეროს ქალთა ორგანიზაციას დიდი იმედი აქვს, რომ ეს ინიციატივა ხელშესახებ სარგებელს მოუტანს ფერმერ ქალებს, რადგან პროგრამა მათი გამოცდილებისა და გამოწვევების ანალიზის საფუძველზე შემუშავდა”, - განაცხადა საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლის მოადგილემ, თამარ საბედაშვილმა.

გაეროს ქალთა ორგანიზაციასა და სოფლის განვითარების სააგენტოს თანამშრომლობა გაეროს ქალთა ორგანიზაციის რეგიონული პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ნაწილია, რომელიც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის დაფინანსებით ხორციელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები