საქართველოში სალათის ფურცლების პლანტაცია გაშენდა. კომპანია GDB-მ პროექტი ლაგოდეხის სუბტროპიკულ ზონაში, 3 ჰექტარი მიწის ფართობზე განახორციელა, სადაც სამი სახეობის სალათის ფურცელი იწარმოება.
„პლანტაციაში განხორციელებული ინვესტიცია 150 ათას ლარს შეადგენს და მოგვყავს სამი სახეობის - აისბერგი, რომანოსასა და ლოლაროსას ჯიშის სალათის ფურცლები. ერთი თავის წონა დაახლოებით 500-600 გრამია და ქართულ ბაზარზე კილოგრამის გასაყიდი ფასი 8-10 ლარს შეადგენს.“- განაცხადა BM.GE -სთან საუბარში კომპანია GDB-ს დამფუძნებელმა, ივა ჭყონიამ.
მისივე თქმით, კომპანიამ პირველი მოსავალი უკვე ნოემბრის თვეში აიღო, რომლის საერთო მოცულობამ 40 ტონა შეადგინა.
GDB-მ ოპერირება 2021 წლის აგვისტოში დაიწყო. წლის განმავლობაში სალათის ფურცლების მოსავლის აღება ორჯერ მოხდება, ნოემბერსა და მაისის თვეში. ამჟამად კომპანიაში 40 ადამიანია დასაქმებული.