თბილისის საკრებულოს სხდომაზე ლაგუნა ვერესთან მულტიფუნქციური კომპლექსის პროექტს ამ წუთებშიც განიხილავენ. პროექტს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომაზე მხარი უკვე დაუჭირეს, შესაბამისად, საკრებულოს სხდომაზე მისი განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცებას ეყრება კენჭი.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ პროექტის თანახმად, კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე ფუნქციური ზონა იცვლება და “რეკრეაციული ზონა 2”-დან “საზოგადოებრივ-საქმიანი ზონით” ნაცვლდება. თუმცა ვინაიდან ტერიტორია თბილისის ისტორიული დაცვის ზონაში ხვდება, ექსპერტების შეფასებით, მისი ფუნქციონალის ცვლილება დაუშვებელია.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძე კი აცხადებს, რომ პროექტი სრულად შეესაბამება დედაქალაქის ურბანული განვითარების გენერალურ გეგმას და ტერიტორიას ფუნქციონალი უკვე შეცვლილი აქვს.
“იცით, რომ აღნიშნული ტერიტორია დღეს “საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის” შესაბამისად ფუნქციონირებს, იქ არის მრავალი კომერციული ობიექტი. შესაბამისად, მისი ფუნქცია უკვე არის საზოგადოებრივი და გენერალური გეგმა ზუსტად ამას გვეუბნება, რომ ყოფილი საწარმო ტერიტორიები, რომელიც ფუნქციურად შეცვლილია, უნდა განვითარდეს.
ამ არეალთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია აღნიშვნა, რომ სპორტულ-გამაჯანსაღებელი ლაგუნა ვერეს ტერიტორია სარეკრეაციო ფუნქციით ვითარდება და ისტორიული შენობა, რომელიც ძეგლის სტატუს ოფიციალურად არ ატარებს თუმცა კულტურული მემკვიდრეობაა, ნარჩუნდება, მხოლოდ გარკვეულ ნაწილში ხდება ამ ზონის ცვლილება, შესაბამისად ვამბობთ, რომ ეს პროექტი სრულად შეესაბამება გენგეგმას და მნიშვნელოვანია ქალაქისთვის”, - აცხადებს ტყემალაძე.
საკრებულოს თავმჯდომარე ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე სატრანსპორტო მოძრაობასაც შეეხო და აღნიშნა, რომ მიუხედავად მოსალოდნელი შეფერხებისა, სატრანსპორტო პოლიტიკა ქალაქის განვითარების გეგმასთან თანხვედრაშია.
“აბსოლუტურად ყველა მშენებლობა სატრანსპორტო მოძრაობაზე გარკვეულ ზეგავლენას ახდენს, თუმცა ვთანხმდებით, რომ ქალაქი უნდა განვითარდეს და ზუსტად ამიტომ ვახორციელებთ სატრანსპორტო პოლიტიკას, რომ ქალაქის განვითარებასთან თანხვედრაში იყოს და ამან პრობლემები არ გამოიწვიოს. რის გამოც არაერთ ინფრასტრუქტურულ პროექტს ვახორციელებთ. რა თქმა უნდა, კვლევები მნიშვნელოვანია, თუმცა ქალაქი აუცილებლად უნდა განვითარდეს და მას ამ ტიპის საინვესტიციო პროექტები სჭირდება”, - აცხადებს გიორგი ტყემალაძე.
თბილისის საკრებულომ გმირთა მოედანზე 52-სართულიანი ცათამბჯენის მშენებლობის პროექტს მხარი ჯერ კიდევ აგვისტოში დაუჭირა. პროექტი მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობას ითვალისწინებს, თუმცა დარგის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ აღნიშნულ ტერიტორიასა და ვერეს ხეობაში მშენებლობასთან დაკავშირებული რისკები შესწავლილი არ არის.