მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლაგუნა ვერეზე გასამართი სადგურის აღების სანაცვლოდ „ვისოლი“ ლისის ტბის მიმდებარედ მცირე სახლებს ააშენებს - მერია

სადგური

ლაგუნა ვერეზე გასამართი სადგურის აღების სანაცვლოდ „ვისოლი“ ლისის ტბის მიმდებარედ მცირე სახლებს ააშენებს - ამის შესახებ თბილისის მერიის მთავრობის სხდომის შემდეგ თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ირაკლი თავართქილაძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურებს აიღებენ და გზის სავალი ნაწილი გაფართოვდება. იქ არსებულ ბენზინგასამართი სადგურების მფლობელი კომპანიებს კი დედაქალაქის სხვადასხვა ტერიტორიებზე გადაეცათ მიწები.

როგორც თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ირაკლი თავართქილაძემ განმარტა, ადგილმონაცვლეობის პრინციპით ტერიტორიები „ვისოლს“ ლისის ტბის მიმდებარედ, „ლუკოილს“ და „გალფს“ კი გლდანში გადაეცემათ. ამასთან თუ გალფი და ლუკოილი გადაცემულ ტერიტორიაზე გასამართ სადგურებს ააშენებენ, "ვისოლი" ტბის მიმდებარედ მცირე სახლებს ააშენებს.

„პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ მოხდა შეთანხმება სამივე კომპანიასთან, ესენია „ვისოლი“, „ლუკოილი“ და „გალფი“. „ვისოლის“ შემთხვევაში ადგილმონაცვლეა ლისის ტბის მიმდებარედ მიწის ნაკვეთი, ხოლო „გალფისა“ და „ლუკოილის“ შემთხვევაში მონაცვლეობა მოხდება ე.წ. გლდანის ხიდის მიმდებარედ. „ვისოლის“ შემთხვევაში ლისის მიმდებარედ მოხდება მცირე სახლების, ინდივიდუალური განაშენიანება.

"ვისოლის" შემთხვევაში თვისობრივად იცვლება მიწის ნაკვეთის ფუნქცია, ანუ იყო ბენზინგასამართი სადგური და გახდება კერძო სახლების განაშენიანება. თუ არ ვცდები ერთი ჰექტარია მიწის ნაკვეთი და ფასების ნაწილში ლისის ტბაზე ნაკვეთის ღირებულება უფრო მეტია, შესაბამისად, ამ სხვაობას კომპანია დაფარავს“, - განაცხადა თავართქილაძემ.

თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა განმარტა, რომ ადგილმონაცვლეობის საფუძველი მიწის ნაკვეთების ღირებულებაა, თუმცა ფუნქციის ცვლილებისას ღირებულებები და ფართობიც განსხვავებული იქნება.

"როცა საუბარი გვაქვს განსხვავებულ ფუნქციაზე გვაქვს საუბარი, ფართობი სხვაა. ღირებულებები ზუსტად იდენტური არ არის და ეს ვერც იქნებოდა, თუმცა მაქსიმალურად მიახლოებულია. ფასთაშორისი სხვაობებიც დაიფარება, იქნება ეს კომპანიის სასარგებლოდ თუ მუნიციპალიტეტის სასარგებლოდ", - განმარტა თავართქილაძემ.

bm.ge ცდილობს კომპანიებთან დაკავშირებას და მათ პოზიციებს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები