კაფე-საკონდიტრო „ლაიმი“ უკვე ბათუმშია. კომპანიამ, რომელიც თბილისში ორ ფილიალს მართავს, ქსელი გააფართოვა და შავი ზღვისპირეთში კიდევ ერთი ფილიალი გახსნა. “ლაიმის“ დამფუძნებელი ქრისტინე ბუბუნაშვილი BM.GE-სთან აცხადებს, რომ ბათუმში ობიექტის გახსნის გადაწყვეტილება მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე მიიღეს და 400 000 ლარის ინვესტიციით 200 კვ.მ.-ის ფართობზე კაფე-საკონდიტრო სატესტო რეჟიმში უკვე აამუშავეს.
მისივე ინფორმაციით, ბათუმში, გორგასლის ქ. 45-ში ახალი ფილიალი ოფიციალურად 1 აგვისტოს გაიხსნება.

„ბათუმში ჩვენი კაფე-საკონდიტრო ერთდროულად 60-მდე ადამიანის გამასპინძლებას შეძლებს. 200 კვ.მ.-ზე განთავსებულია, როგორც საკონდიტრო, ასევე კაფე ღია და დახურულ სივრცეებში.
ახლა ბათუმში კონდიტერიის მიმართულებით ბაზარი მზარდია და გადავწყვიტეთ პრემიუმ ხარისხის საკონდიტრო გაგვეხსნა. ამ ქალაქში მოთხოვნაც ძალიან დიდი იყო და მსყიდველუნარიანი ბაზარიცაა, ამიტომ ბათუმში ბიზნესის განვითარების კუთხით დიდი გეგმები გვაქვს. ჩვენი მოლოდინით დიდი დატვირთვა გვექნება“, - აღნიშნა ქრისტინე ბუბუნაშვილმა.
კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, რომ „ლაიმის“ ახალი ფილიალის გახსნით დამატებით 20 ადამიანი დასაქმდება, თბილისის ორ ფილიალსა და ახალ ობიექტში კი კომპანია ჯამში უკვე 80-მდე სამუშაო ადგილს ქმნის.
თუმცა ქრისტინე ბუბუნაშვილი ამბობს, რომ ბიზნესი განვითარებას გაგრძელდება და თბილისში, დიდი დიღომში კიდევ ერთი ფილიალი, 2 წლის განმავლობაში კი ბათუმში კიდევ ერთი ობიექტის გახსნა იგეგმება.





























