მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლანჩხუთის “გურიას” ერთ-ერთი მმართველი მერაბ ჟორდანია იქნება

მერაბ ჟორდანია ლანჩხუთის გურია

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ნიდერლანდურ კლუბ არნემის “ვიტესის” ყოფილი პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია, ქართულ ფეხბურთში დაბრუნდა.

კერძოდ ჟორდანია ლანჩხუთის “გურიას” გუნდში იმუშავებს, ხოლო გუნდის მთავარი მმართველი მისი ვაჟი კახი ჟორდანია იქნება. ინფორმაცია მერაბ ჟორდანიამ გადაცემაში “სპორტი იმედზე” სტუმრობისას გაავრცელა.

მისი თქმით, “გურიას” ყველა ფინანსური დავალიანება დაიფარება და შექმნის ბიუჯეტს, რისი საშუალებითაც კლუბი Crystalbet ეროვნულ ლიგაში დაწინაურდება:

“გურიას“ წინაშე არსებული ფინანსური დავალიანება სრულად დაიფარება და შეიქმნება ღირსეული ბიუჯეტი საიმისოდ, რომ ორ წელიწადში ლანჩხუთის კლუბი Crystalbet ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში აღზევდეს. მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები ჩვენს ქალაქში სტადიონის გაკეთების თაობაზე, რომლის ტრიბუნებიც 5 ათას მაყურებელზე იქნება გათვლილი, თუმცა ჩემი ვარაუდით და იმ უდიდესი სიყვარულიდან გამომდინარე, რაც ლანჩხუთელებს ფეხბურთის მიმართ აქვთ, ტევადობის გაზრდა აუცილებლად დაგვჭირდება. გუნდს ჩემი შვილი კახი ჟორდანია უხელმძღვანელებს, რომელმაც პირობა მომცა, რომ ნებისმიერი შედეგის მიუხედავად, კლუბს არასოდეს მიატოვებს და ამ კლუბის ფინანსურ უზრუნველყოფაზე უარს არასოდეს იტყვის. გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ დირექტორთა საბჭოს წევრები ვიქნებით მე, მამუკა აბუსერიძე, ავთო ქანთარია, ბადრი დანელია, გოჩა ტყებუჩავა, დავით ცომაია, ოთარ კორღალიძე, გია გურული, ბესო ფრიდონაშვილი და მერაბ თევზაძე - ანუ ის ფეხბურთელები, რომელთა დახმარებითაც 1989 წელს კლუბმა უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა” - განაცხადა მერაბ ჟორდანიამ.

ცნობისთვის გეტყვით, რომ “გურიამ” საქართველოს რანგით მეოთხე დივიზიონში ასპარეზობა მესამე ადგილზე დაასრულა და მომდევნო სეზონში ლიგა 3-ში ითამაშებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები