მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლანჩხუთში "ელსელემას" ახალი სამკერვალო ფაბრიკა ამუშავდა

5c25e00328445
მაია ბიწაძე
28.12.18 13:15
1592
ლანჩხუთში სამკერვალო საწარმო “ელსელემას” ახალი ფაბრიკა ამუშავდა, თუმცა მისი ოფიციალური გახსნა მოგვიანებით იგეგმება.

ამის შესახებ Bm.ge-ის სამკერვალო ფაბრიკა “ელსელემას“ დამფუძნებელმა ელგუჯა მამასახლისმა განუცხადა.

მისი განმარტებით, ამ ეტაპზე სამკერვალოში 35 ადამიანია დასაქმებული, რომელთა რიცხვიც ეტაპობრივად, 150-მდე გაიზრდება.

ლანჩხუთის ფაბრიკაში შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკვეთა მზადდება.

ახალი საწარმოს შექმნისთვის კომპანიამ 1,5 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.

„ამჟამად ლანჩხუთის ფაბრიკაში იკერება საპატრულო პოლიციისა და უბნის ინსპექტორების უნიფორმა. ჩვენ გვაქვს სასწავლო უბანიც, სადაც ხდება მკერავების მომზადება, იქვეა სამკერვალო ხაზიც, სადაც პროდუქცია იქმნება. პარალელურად, ვაფართოებთ ფაბრიკას, მიმდინარეობს ტექნიკის მონტაჟი და მომავალ გაზაფხულზე სამკერვალო სრული დატვირთვით ამუშავდება“, - განაცხადა ელგუჯა მამასახლისმა.

მისივე განმარტებით, გაფართოვდა თბილისში, გურამიშვილის გამზირზე მდებარე “ელსელემას“ მეორე ფაბრიკაც. აშენდა და მოეწყო ახალი შენობა და უკვე არსებული ძველი სამკერვალოს რეაბილიტაციაც განხორციელდა. ჯამში, თბილისის საწარმოში 1 მილიონ ლარამდე ინვესტიცია ჩაიდო.

„მომავალი ოთხი თვის განმავლობაში თბილისის სამკერვალოს 80 სამუშაო ადგილი დაემატება. მხოლოდ კოსმეტიკური სამუშაოებია დარჩენილი და დასამონტაჟებელია დანადგარები, რომელიც უკვე შეძნილი გვაქვს“, - განაცხადა მან.

ამჟამად “ელსელემას“ თბილისის ფაბრიკაში ძირითადად სახელმწიფო დაკვეთებს ასრულებენ; კერძოდ, ძალოვანი სტრუქტურებისთვის უნიფორმები იკერება.
აღსანიშნავია, რომ “ელსელემა“ ასევე ასრულებდა ისეთი ცნობილი ბრენდების დაკვეთებსაც, როგორიცაა: “კოტონი” “მონკლერი” და Damat Tween.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები