გასულ სამუშაო კვირაში ლარი ყველა ძირითად ვალუტასთან მიმართებით გამყარდა. აშშ დოლართან გამყარებამ 0.13 თეთრი შეადგინა, რის შედეგედაც ერთი დოლარის ღირებულება 2.7483 ლარს შეადგენს, ევროსთან კი ლარი 0.86 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ღირებულებამ 3.1138 ლარი შეადგინა. გირვანქა სტერლინგთან ლარი 0.72 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ფუნტის ღირებულება 3.6525 ლარი გახდა.
არსებული მდგომარეობით აპრილის თვის მაკროეკონომიკური ფაქტორების უმეტესობა ცნობილი არაა, ორი კვირის შემდეგ გამოქვეყნდება იმპორტ-ექსპორტისა და ფულადი გზავნილების სტატისტიკის შესახებ ინფორმაცია, ხოლო ტურიზმისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ ინფორმაცია კი უფრო მოგვიანებით რამდენიმე თვეში გახდება ცნობილი.
როგორც ცნობილია ამჟამად საქართველოს ეროვნული ბანკი ვალუტის შესყიდვის ოპერაციებს ახორციელებს. მარტში მისი მოცულობა 102 მილიონი დოლარი იყო, ხოლო აპრილში კი თიბისი ჯგუფის მთავარი ეკონომისტის ოთარ ნადარაიას პროგნოზით მისი მოცულობა 102 მილიონზე მეტიც იქნება.
"ჩვენ რასაც ვხედავთ გადახდის არხებზე დაკვირვებით, აპრილში მარტთან შედარებით უფრო მაღალი აქტივობაა. ფაქტორებს რაც შეეხება, გასულ წელს განვითარებული მოვლენების შემდეგ ტურიზმის ზრდის ტემპი შენელდა, თუმცა ბოლო პერიოდში აქაც გაუმჯობესებაზე მიუთითებს. სხვა ფაქტორებს რაც შეეხება, საკრედიტო აქტივობა ძლიერია.
ვხედავთ დეპოზიტების ლარებში გადმოხურდავების ტენდენციებს. ის, რაც ადრე დოლარში გადახურდავდა, მცირე ნაბიჯებით, თუმცა მაინც ლარში მოდის, დოლარის დასუსტება საერთაშორისო ბაზარზე ლარის კურსზე დადებითად მოქმედებს,"- აღნიშნავს ოთარ ნადარია.
2 მაისის გაცვლითი კურსი წინა კვირის კურსთან შედარებით:
| ვალუტა | გაცვლითი კურსი ლარებში | გამყარება/გაუფასურება თეთრებში |
| 1 დოლარი | 2.7483 ლარი; | 0.13 თეთრი; |
| 1 ევრო | 3.1138 ლარი; | 0.86 თეთრი; |
| 1 გირვანქა სტერლინგი | 3.6525 ლარი; | 0.72 თეთრი; |
| 1 ლირა | 0.0713 ლარი; | 0.03 თეთრი; |
| 1000 სომხური დრამი | 7.0469 ლარი; | -2.02 თეთრი; |
| 1 აზერბაიჯანული მანათი | 1.6160 ლარი; | 0.10 თეთრი; |
| 10 უკრაინული გრივნა | 0.6582 ლარი; | -0.03 თეთრი; |
| 100 იაპონური იენი | 1.8985 ლარი; | 1.93 თეთრი; |
| 10 ჩინური იენი | 3.7797 ლარი; | -0.68 თეთრი; |




























