2025 წელს ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წლის იუბილე აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით, დღეს, სასტუმრო "შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში" საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით ლარის მიმოქცევაში შემოსვლის 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად საერთაშორისო ღონისძიება გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, საერთაშორისო კონფერენცია 9:00 საათზე გაიხსნება და 17:30 საათამდე გაგრძელდება.
ლარი ოფიციალურ მიმოქცევაში 1995 წლის 2 ოქტომბერს გაეშვა, თუმცა სებ-ი აღნიშნულის 30 წლის იუბილეს მაღალი დონის საერთაშორისო სტუმრებთან ერთად 29-31 მაისს დაგეგმილ კონფერენციაზე აღნიშნავს.
"კონფერენციაზე, სახელწოდებით „ნდობიდან მჭიდრო თანამშრომლობამდე“ მსოფლიოს 30-მდე ქვეყნის 300-ზე მეტი სტუმარი მიიღებს მონაწილეობას. მათ შორის, ბელგიის, ისლანდიის, რუმინეთის, ბულგარეთის, უნგრეთის, მონტენეგროს, აზერბაიჯანის, თურქეთის, სომხეთის, ისრაელის, ინდოეთის, საუდის არაბეთისა და სხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელი პირები, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები. მოწვეულ სტუმრებს შორის ასევე არიან საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების - შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ასევე მსხვილი საერთაშორისო კომპანიების - Gojo & Company, Ant International-ის, The Global Finance & Technology Network-ის, ასევე საქართველოს საფინანსო სექტორისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები.
პანელური დისკუსიების ფარგლებში მონაწილეები იმსჯელებენ ისეთ თემებზე, როგორებიცაა გლობალური ფინანსური სისტემა და მონეტარული პოლიტიკა, რეგიონული თანამშრომლობის ინიციატივები ფინანსური სექტორის განსავითარებლად, ახალი გამოწვევები და ცენტრალური ბანკების როლი რეგიონული თანამშრომლობის განვითარებასა და სხვა", - ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდის თანახმად, სებ-ს ღონისძიების ორგანიზება 771 ათასი ლარი დაუჯდება.




























