მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარის ცურვა - ლუკა მიმინოშვილის ბლოგი

605b4edd94b1b
ლუკა მიმინოშვილი
25.03.21 09:45
2371
ეროვნული ვალუტა და მისი სტაბილურობა ყველა ქვეყნის და მათ შორის საქართველოს ეკონომიკაშიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. ეროვნული ვალუტის სტაბილურობის განსაზღვრაში როლს რამდენიმე ფაქტორი თამაშობს, საქართველოს შემთხვევაში, თან პანდემიის გათვალისწინებით, როცა ტურიზმი, ფაქტობრივად, გაჩერებულია, ეს ძირითადი ფატორებია:

• სავაჭრო სალდო (ექპორტ-იმპორტს შორის არსებული დამოკიდებულება)
• პირდაპირი უცხოური ინვესტიციები / კაპიტალის გადინება
• ფულადი გზავნილების მოცულობა.

საქართველო მეტწილად იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანაა, შესაბამისად, ვალუტის კურსი და მისი ცვლილება მნიშვნელოვან როლს თამაშობს მოქალაქეთა მსყიდველუნარიანობაზე, სწორედ ამიტომაც ეროვნული ვალუტის სტაბილურობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

ლარის სტაბილურობის მნიშვნელობის შესაფასებლად საქართველოს დეპოზიტებისა და სესხების ლარიზაციის კოეფიციენტებიც დაგვეხმარება, აღნიშნული მაჩვენებლები 2021 წლის თებერვლისთვის შემდეგნაირია:

• დეპოზიტების ლარიზაციის მაჩვენებელი - 38.55 %
• სესხების ლარიზაციის მაჩვენებელი - 44.14%

აღნიშნული მაჩვნებლებიდანაც კარგად ჩანს ქართული ლარის მიმართ ნდობა და დამოკიდებულება უცხოურ ვალუტაზე. ამასთან, მნიშვნელოვანია გავიხსენოთ ის ფაქტიც, რომ COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში, საქართველოს მთავრობამ 2020 წელს საგარეო ვალი გაზარდა, ზრდის მოცულობა ლარის კურსის ცვლილების გათვალისწინებით 8.2 მილიარდ ლარამდე იყო, რამაც საგარეო ვალის მშპ-ის მიმართ დამოკიდებულება 60%-ზე მაღალ ნიშნულზე დააფიქსირა.

მთელ მსოფლიოში და საქართველოშიც პანდემიის გამო გამოწვეული გაურკვევლობა ეროვნული ვალუტის სტაბილურობის მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის. მიუხედავად ვაქცინების შექმნისა, გაურკვევლობა არსად გამქრალა. საქართველოს შემთხვევაში კი, როგორც ჩანს, მხოლოდ ტალღების თვლასა და განვითარებული ქვეყნების მხრიდან ნაპოვნ ოქროს შუალედს ველით, რომლებიც მოახერხებენ გაიარონ ეკონომიკის გადარჩენისა და სიცოცხლეთა შენარჩუნების ზღვარზე.

ლარის გაცვლითი კურსის მერყეობამ, გარდა ფასების სტაბილურობისა, მნიშვნელოვანი ცვლილება მოახდინა საბანკო სექტორში არსებულ ერთ-ერთ მაჩვენებელზე, კონკრეტულად კი საკრედიტო პორტფელში გაფუჭებული სესხების რაოდენობაზე. 2021 წლის იანვრისათვის გაფუჭებული სესხების მოცულობა 8.8%-მდე გაიზარდა აღნიშნული მაჩვენებელი პანდემიამდე 3.7% ნიშნულზე იყო, სებ-ის ახსნით აღნიშნული პორტფელის საერთო მოცულობაში ვალუტის სესხების დიდი წილობრიობიდან გამომდინარეობს.

ლარის გამყარება თუ გაუფასურება ყველას ეხება: საბანკო სექტორს, ბიზნესს, მსესხებელს, რაც ცხადია, შედეგს მთლიან ეკონომიკაზეც ახდენს. როგორც უკვე აღვნიშნე, ლარის სტაბილურობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი სავაჭრო სალდო და პარტნიორ ქვეყნებში არსებული სიტუაციაა.

ამ მიმართულებით რეგიონი სტაბილურობით ვერ მოიწონებს თავს; 2020 წელს რეგიონში არსებულმა ომმა, დღეს კი ამერიკა-რუსეთის ურთიერთობებმა სიტუაცია რამდენიმეჯერ შეცვალა. საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის უმსხვილესი ქვეყანაც სწორედ ჩვენი რეგიონიდანაა, ეს თურქეთია. თურქეთში მთავრობის მიერ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებები თუ საგარეო ფაქტორები თურქული ლირის გაუფასურების მიზეზი არაერხელ გამხდარა, თურქული ლირის გაუფასურება კი ლარზეც მყისიერად აისახება ხოლმე, აღნიშნული ჩვენმა ქვეყანამ 2014-15 წლებშიც გამოსცადა, ცვლილების მყისიერი ასახვა საქართველოსა და თურქეთს შორის არსებულ სავაჭრო ურთიერთობიდან გამომდინარეობს. თურქეთი საქართველოსათვის პროდუქციის N1 მომწოდებელია, ასევე ერთ-ერთი მოწინავეა გზავნილების ნაწილშიც, რომლის სახითაც საქართველომ 2020 წელს 106 მილიონ აშშ დოლარზე მეტი მიიღო.



ბოლო პერიოდში თურქული ლირის გაუფასურება მეტწილად რეჯეპ ტაიპ ერდოღანის გადაწყვეტილებებით იყო გამოწვეული, ამჯერადაც ასეა და ეს მისი მხრიდან თურქეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის განთავისუფლების გადაწყვეტილებას მოყვა, თუმცა ამაზე მნიშვნელოვანი ის არის თუ რა შედეგი შეიძლება მოიტანოს ამან საქართველოსათვის.

ლირის არასტაბილურობა და გავლენა ლარზე ჯამურად მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის ხელისშემშლელი ფაქტორი ხდება, აღნიშნული ზრდის ინფლაციურ რისკებს, რის შესანარჩუნებლადაც სებ-ს უწევს ყველა შესაძლო ხერხის გამოყენება, შესაძლო ხერხთა შორის კი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდა და სავალუტო ინტერვენციები იგულისხმება. პანდემიურ წელს სები ეცადა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შენარჩუნებას, რათა ისედაც რთულ სიტუაციაში ჩავარდნილ მოსახლეობას კიდევ უფრო მძიმე ტვირთად არ დაწოლოდა საბანკო ვალდებულებები, თუმცა 2021 წლის დასაწყისიდან ინფლაციურმა მოლოდინებმა რეფინანსირების განაკვეთის ზრდა, ფაქტობრივად, გარდაუვალი გახადა. წლის პირველ კვარტალში რეფინანსირების განაკვეთი გაიზარდა.

რეფინანსირების განაკვეთის ზრდას ინფლაციურ პროცესზე გავლენის მოხდენა შეუძლია. ეს სხვა თანაბარ პირობებში ლარის გამამყარებლის როლს თამაშობს, რაც იწვევს იმპორტირებული საქონლის ფასის შემცირებას, რასაც ფასების დონის შემცირებამდე მივყავართ; ასევე გავლენას ახდენს საკრედიტო ბაზარზე და იწვევს კრედიტზე ხელმისაწვდომობის შემცირებას, რასაც ერთობლივი მოთხოვნის შემცირებამდე, საბოლოოდ კი აქაც ფასების დონის შემცირებამდე მივყავართ. რეფინანსირების განაკვეთის ზრდა ასევე სამომხმარებლო დანახარჯებისა და ინფლაციური მოლოდინების შემცირების ხელშემწყობიცაა, თუმცა რიგ შემთხვევებში ცვლილების დაგვიანებას, შეიძლება შესაბამისი შედეგები არ მოჰყვეს.

ერდოღანის ბოლოდროინდელმა გადაწყვეტილებამ და შედეგად ლირის 15%-ით გაუფასურებამ ეროვნულ ბანკს მეორე ბერკეტის სავალურო ინტერვენციის გამოყენებაც დააჭირვა და სავალუტო ინტერვენციათა ჩამონათვალს კიდევ ერთი 40-მილიონ დოლარიანი ინტერვენცია დაუმატა, რაც ასევე ლარზე, ლირის გავლენის შენელებისათვის იყო განკუთვნილი.
თუ აქამდე ლარის გაუფასურებაშიც ვცდილობდით პოზიტიური სურათის დანახვას, მაგალითად, ექსპორტის ზრდის ვიიმედებდით თავს, დღეს სხვა მოცემულობაა. პანდემიის ფონზე მსოფლიოში მნიშვნელოვნადაა შემცირებული საერთო მოხმარება, რაც ლარის გაუფასურებით გამოწვეული ექსპორტის მასტიმულირებელ სიგნალსაც ახშობს.

ასევე მნიშვნელოვნადაა გაზრდილი ქვეყნის საგარეო ვალი და მნიშვნელოვნადაა შემცირებული დასაქმებულთა მოცულობა, რაც ნებისმიერი გარე შოკს გაცილებით უფრო დიდ სიმწვავეს მატებს, მით უფრო თუ ეს ვაჭრობაში ქვეყნის ყველაზე მსხვილ პარტნიორს თურქეთს ეხება. ეს აჩენს იმის რისკს, რომ მოქალაქეების ნაწილმა, ვისაც ვალდებულება უცხოურ ვალუტაში აქვს, კურსის ცვლილების გამო ვეღარ მოახდინონ სესხის მომსახურება; თავის მხრივ, აღნიშნული გამოიწვევს საბანკო სექტორში სარეზერვო მოთხოვნების ზრდას, რაც გავლენას მოახდენს დაკრედიტების ტემპებზეც და, ცხადია, შემცირების მიმართულებით, არადა 2020 წელს გადაგორებული წლის შემდეგ ეს სცენარი არც საბანკო სექტორს და არც ქართულ ეკონომიკას სჭირდება.

საქართველო ამ რეგიონშია, მას ვერც ადგილს შევუცვლით და ვერც მეზობლებს, სავაჭრო და ეკონომიკურ ნაწილშიც დიდწილად სწორედ მეზობლებზეა დამოკიდებული, მტერსა თუ მოყვარეზე, თუმცა მაინც მეზობელზე. ამდენი მეზობლის რყევა რომ ყველაზე მეტად და ხშირად სწორედ საქართველოზე აისახება, რაღაც ამბავია და თან თითქოს არც ამოუხსნელი.

იქნებ სამხრეთ კორეის მსგავსად ექსპორტის ზრდაზე უნდა ვიფიქროთ და არა სამხრეთ ამერიკის ქვეყნების მსგავსად იმპორტის ჩანაცვლებაზე, იქნებ როგორ გავმდიდრდეთ ამაზე უნდა ვიფიქროთ და არა იმაზე, როგორ არ ვიყოთ ღარიბები. იქნებ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე მეტი დრო უნდა დავხარჯოთ და თან შედეგიანად, თორემ მთავრობის მიერ ჩატარებული 400 მოლაპარაკებიდან ორის წარმატებით დასრულება ან მომლაპარაკებლის არაპროფესიონალიზმზე, ან არასწორად შერჩეულ ადრესატზე, ან კიდევ რაიმე სხვა პრობლემაზე მიუთითებს.

აქ ვართ, ამ სამეზობლოში, ხან ლირა ჩაერთვება სპრინტში და ხან რუბლი, თუმცაღა ყველას თუ გავეკიდეთ, სადღაც ძალიან შორს მოგვიწევს წასვლა, იქიდან კი თუ ბრუნდებიან, არც კი ვიცი. სავალუტო რეზერვებიც შემცირდება, ახალი სესხის რესურსიც გაქრება, მთავრობაც აიღებს შიდა ვალს, გააგრძელებს ინფრასტრუქტურულ თუ სხვა „საჭირო“ პროექტებს და რა?!

ამასობაში იქნებ ვინმემ კარგი თვალით შემოგვხედოს?!
ქვეყნიდან კაპიტალი გადის, უცხოური ინვესტიციები კი, წლიდან წლამდე იკლებს.
სხვა გზა, სხვა ხსნაა საპოვნელი.
ვეღარც ოკეანეში საცურაოდ შესულ ლარს ვუშველით, იქვე დაიხრჩობა და არც მოსახლეობას გვეწევა უკეთესი დღე.
მეზობლებზე ფიქრიც ჩვენი საქმე ყოფილა.
სიმართლე ესაა და აბა რა გითხრათ?! რით გაგახაროთ?!

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები