საქართველოს ტერიტორიაზე მიმოქცევაში არსებული ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევისთვის 2017 წელს 949 პირი დააჯარიმეს.
შესაბამისი სტატისტკური ინფორმაცია BM.ge-მ შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვა.
შსს-ს ინფორმაციით, 949 ფიზიკურმა და იურიდიულმა პირმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 153-ე მუხლის პირველი ნაწილის დარღვევისთვის ბიუჯეტში ჯარიმის სახით, 127 180 ლარი გადაიხადეს.
რაც შეეხება მიმდინარე წლის 6 თვის სტატისტიკას, ამ პერიოდში სულ 314 ფაქტი დაფიქსირდა და ბიუჯეტში ჯარიმების სახით 33 200 ლარი შევიდა.
2012 წლიდან მოყოლებული, აღნიშნული წესის დარღვევა მზარდია. კერძოდ, 2016 წელს 334 ფაქტი დაფიქსირდა, 2015 წელს - 275, 2014 წელს - 237, 2013 წელს - 21, 2012 წელს კი - 3.
ცნობისთვის: საქართველოს ტერიტორიაზე მიმოქცევაში არსებული ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევა, მათ შორის, ანგარიშსწორების პროცესში უცხოური ვალუტის გამოყენება (გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტებისა ან/და ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული შემთხვევებისა), იწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას – 400 ლარის ოდენობით.
ასევე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 153-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მეწარმე სუბიექტის ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ბანკნოტებისა და მონეტების გადასახდელად ვარგისობის განსაზღვრის კრიტერიუმებისა და მათი მიღება-გამოცვლის წესის დარღვევაც იწვევს ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას – 400 ლარის ოდენობით.
მეწარმე სუბიექტის მიერ მომხმარებელთან ანგარიშსწორების ერთი თეთრის სიზუსტით განუხორციელებლობა კი, გამოიწვევს ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას – 400 ლარის ოდენობით.

























