"ლარის გამყარება სეზონურია", - ასე აფასებს ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი ეროვნული ვალუტის გამყარებას. მისი განცხადებით, გამყარების მთავარი მიზეზი, სავარაუდოდ, ტურისტული ნაკადების ზრდაა.
"ახლა ვხედავთ მერყეობას. [ლარი] მკვეთრად გაუფასურდა, შემდეგ ოდნავ გამყარდა. გვაქვს ტურისტული სეზონი. ზოგადად, თუ ტურისტების რაოდენობა იმასთან შედარებით დიდია, რასაც ბაზარი ელოდება, მაშინ ლარი მყარდება. შთაბეჭდილება მრჩება, რომ ტურისტების შემოდინება გაზრდილია. ახალ გეოგრაფიებსაც ვხედავთ. ინდოეთიდან, ჩინეთიდან, არაბული ქვეყნებიდან, განსაკუთრებით, ბევრი ტურისტია. ამავე დროს, რუსეთიდანაც ბევრია შემოსული. ეს მოკლე ვადაში ლარს ამყარებს. ხალხს უცხოური ვალუტა შემოაქვს და ლარს ყიდულობს", - აღნიშნავს გიგა ბედინეიშვილი.
ფინანსისტი ელის, რომ წელს ლარი მერყეობას შეინარჩუნებს.
"მგონია, რომ მერყეობა გაგრძელდება. სიწყნარის დროს გარე ფაქტორების მიღმა არაფერი მოქმედებს ლარზე, მაგრამ, როდესაც, ერთი მხრივ, გაზრდილია შფოთვა და, მეორე მხრივ, იმედიც, მაშინ მერყეობა გაიზრდება. შეიძლება, საშუალო ტრენდი გაუფასურებისკენ იყოს, მაგრამ არ ველოდები, რომ ლარი ჩამოიშლება და 3-ლარიან ნიშნულს გასცდება", - განაცხადა გიგა ბედინეიშვილმა.
20 ივნისის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.70 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8001 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.06 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0045 ლარი გახდა.