მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ლარის გაუფასურება ყველაზე ნეგატიურად სადისტრიბუციო კომპანიებზე აისახება"

5be02e06e59e8
მაია ბიწაძე
05.11.18 15:45
796
ეროვნული ვალუტის გაუფასურება ყველაზე მეტად სადისტრიბუციო კომპანიებს აზარალებს, რომლებსიც პროდუქციას უცხოურ ვალუტაში ყიდულობენ, ამის შესახებ Bm.ge-ს "დისტრიბუტორთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა, ივა ჭყონიამ განუცხადა. მისი განმარტებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში, ამ მიზეზით მათი ასოციაციის წევრი რამდენიმე სადისტრიბუციო კომპანია უკვე დაიხურა. როგორც ჭყონია განმარტავს, აუცილებელია ამ საკითხს ხელისუფლება და ეროვნული ბანკი უფრო მეტი პასუხისმგებლობით მიუდგეს. ის განცხადებები, რომ ლარის კურსის ასეთი ცვლილება ნორმალურია, მდგომარეობას კიდევ უფრო აუარსებს და უიმედოს ხდის.

"ეს არ არის პირველი წელი, როდესაც ეროვნული ვალუტის გაუფასეურება ხდება, შესაბამისად გაცილებით კომპეტენტური უნდა იყოს, როგორც ეროვნული ბანკი, ასევე მთავრობა და გაცილებით მეტი ზომა უნდა მიეღო, რომ წლევანდელ წელსაც ანალოგიურად არ შევხვედროდით, როგორც წინა წლებში ხდებოდა. ფაქტია, რომ პროცესი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ასე გძელდება და ქვეყნის ეკონომიკასა და ბიზნესზე სავალალოდ აისახება. ის პასუხები, რომ ეს პროცესი არანაირ ამინდს არ ქმნის და ლარი სტაბილური არის, უფრო შემაშფოთებელია და მეტი პრობლემის წინაშე გვაყენებს. ასევე, დამაზიანებელია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის სიჩუმე, და თუ არის გაკეთებული პროგნოზები ეროვნული ბანკის მიერ, ისიც არასერიოზულია და არანაირ საშუალებას არ გვაძლევს განვსაზღვროთ მომავალი, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ერთადერთი იმედი რაც გვაქვს არის ის, რომ შესაძლოა ლარის კურსი დასტაბილურდეს მომავალი წლის იანვრიდან, და ესაც განპირობებულია იმით, რომ წინა წელს ანალოგიური ფაქტი მოხდა" - აცხადებს ივა ჭყონია.

როგორც ივა ჭყონია განმარტავს, ლარის გაუფასურებასთან ერთად სადისტრიბუციო კომპანიებს მძიმე წნეხად აწვება საწვავის გაძვირებაც, რამაც ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია.

"ლარის დევალვაცია და საწვავის გაძვირება პირველ რიგში პირდაპირპროპორციულად სადისტრიბუციო კომპანიებზე აისახება, განსაკუთრებით იმ კომპანიებზე, რომლებიც იმპორტირებულ პროდუქცაზე არიან დამოკიდებული. ხაზგასასმელი ფაქტორია ისიც, რომ ადგილობრივი მწარმოებლებს, ვინც ნედლეულს საზღვარგარეთ ყიდულობენ, ვალუტის გაუფასურების გამო პროდუქცია უძვირდებათ და თუ არ აქვთ იმის საშუალება, რომ მოგების მარჟაში ასახონ, იძულებულები ხდებიან პროდუქცია გააძვირონ. ასე რომ ეროვნული ვალუტის მცურავ კურსში ყოფნა სადისტრიბუციო კომპანიებზე ძალიან მტკივნეულად აისახება. სამწუხაროდ არ არსებობს სტატისტიკა, რომ ზოგადი მონიტორინგი გავაკეთოთ, მაგარამ ჩვენი წევრი 2-3 კომპანია უკვე გამოეთიშა ბაზარს“ - აცხადებს ივა ჭყონია.

"დისტრიბუტორთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი მთავრობას და ეროვნულ ბანკს ურჩევს კოორდინირებულად იმუშაონ და გადაწყვეტილებები წარსულის გამოცდილებაზე დაყრდნობით მიიღონ.

"წლის ბიოლოა და ბიუჯეტიდან უფრო მეტი ლარის გადინება მოხდება, რადგან ამ დროს ასე ხდება ხოლმე. მთავრობისგან ვითხოვთ, რომ გადახედონ ბიუჯეტს და რამენაირად ხარჯვითი ნაწილი მომავალი წლისთვის გადაიტანონ, რადგან ჭარბი ლარის გამოსვლა ისევდაისვ მომაკვდინებლად აისახება ეროვნულ ვალუტაზე. მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა და ეროვნულმა ბანკმა ერთად უნდა იმუშაონ ამაზე.

3-დან 7%-მდე უკვე გაიზარდა რიგ პროდუქტზე ფასები, მაგრამ ის, რომ დღეს რაღაც პროდუქცია გაძვირებული არ არის, არ ნიშნავს იმას, რომ თუ ასე გაგრძელდება კომპანიები დიდხანს გაუძლებენ ამას, მათ ან უნდა გაზარდონ ფასები, ან უნდა დაიხურონ. ის არაკომპეტენტური განცხადება ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა, რომ ვიღაცა გააძვირებს და ვიღაცა გააიაფებს, მგონია რომ უგუნური განცხადებაა. ამ დროს ვინ უნდა გააიაფოს პროდუქცია? ლოგიკურად იმპორტიორს მოუწევს გაძვირება ხო, რადგან პროდუქცია უცხოურ ვალუტაში შემოაქვს, ასევე მწარმოებლებსაც, რომლებიც ნედლეულს იმპორტით ყიდულობენ. თუ ვინმეს დემპინგურ ფასად შეუძლია ბაზარზე შემოსავლა, ეს მთლად უარესი იქნება, რადგან დღეს ის დემპინგური ფასით შემოვა, გახდება მონოპოლისტი და ხვალ საერთოდ დაანგრევს ბაზარს, რაც ყველა მომხმარებელზე ნეგატიურად აისახება“ - განმარტავს ივა ჭყონია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები