პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე ლარის კურსის დასტაბილურებისთვის მთავრობასა და ეროვნულ ბანკს ადეკვატური ზომების მიღებისკენ მოუწოებს.
„რაც დრო გადის, მით უფრო ეკარგება ფანტაზია ეროვნულ ბანკსა და მთავრობას და ლარის გაუფასურების მიზეზად უფრო და უფრო არარეალისტურ ფაქტორებს ასახელებენ. ჯერ კიდევ ზაფხულში ვაფრთხილებდით, რომ ნუ ეწევიან ე.წ იაფი ფულის პოლიტიკას, მოუჭირონ ბიუჯეტს და ეროვნული ბანკის სხვადასხვა გასაცემებს, მათ შორის, რეფინანსირების სესხებს. ახლა დაახლოებით, 3 მილიარდი ლარია ბიუჯეტიდან დასახარჯი. მთავრობა იძულებულია დახარჯოს, ვინაიდან ხელფასებსა და პენსიებს ვერ შეაჩერებს. ინფრასტრუქტურული პროექტები ალბათ, გადაიდება. შეუძლებელია, რომ ერთი წლის გასაკეთებელი საქმე, სასწრაფოდ, ერთ თვეში მოაგვარო. გაბმული არიან საბიუჯეტო ხარჯების მახეში და რა თქმა უნდა, პირადი ინტერესებიც არის აქ ჩადებული, იმ კომპანიების ინტერესები, რომლებიც ბიუჯეტიდან ექაჩებიან ფულს. ჯანსაღი ბიუჯეტით იწყება ყველაფერი, რაც ვერ შეიგნო ამ მთავრობამ. ახლა კეთილი ინებონ და მოუჭირონ ქამრებს“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
შეგახსენებთ, რომ 7 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარი ისევ გაუფასურდა და 1 აშშ დოლარი 2 ლარი 765 თეთრი ღირს.