"ლარის გაუფასურების პერიოდი საბანკო სექტორისთვის საკმაოდ მძიმე იყო, თუმცა ეს პერიოდი საკმაოდ კარგად გავიარეთ", - განაცხადა "საქმიან დილასთან" საუბრისას ბანკების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ცუცქირიძემ. მისი თქმით, აღნიშნულ პერიოდში საბანკო სექტორისთვის ყველაზე დამაზიანებელი სუბიექტური შეფასებები იყო, რომელიც სხვადასხვა ჯგუფების მხრიდან კეთდებოდა.
"როდესაც ლარის გაუფასურება დაიწყო მას თან საკმაოდ ბევრი სპეკულაცია ახლდა. ხშირად იყო სუბიექტური შეფასებები, ამას მნიშვნელობა არ აქვს ცალკეული ექსპერტების მხრიდან იყო თუ ჯგუფების მხრიდან. ეს ყველაფერი ხშირად რეალობასაც იყო ხოლმე აცდენილი. ბეწვის ხიდზე გავლა იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ვეცადოთ ყოველთვის ობიექტურები ვიყოთ, როდესაც შეფასებას ვაკეთებთ.
აღსანიშნავია, რომ ის პერიოდი საკმაოდ მძიმე იყო ჩვენთვის, იგივე საბანკო სექტორისთვის. იმიტომ, რომ ამ აჟიოტაჟს სამწუხაროდ თან სდევდა ანტი საბანკო პიარი, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ის პერიოდი ძალიან კარგად გავიარეთ.
საკმაოდ მწვავე დისკუსიების საგანი იყო საბანკო ზედამხედველობა და ამაზე დებატები დიდი ხანი გაგრძელდა პარლამენტში და სხვადასხვა მიმართულებით ექსპერტების დონეზე. ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ზედამხედველობის გამოყოფა მოხდა, მათ შორის განვითარებულ ეკონომიკურ ქვეყნებში, იქაც საკმაოდ ცხარე დისკუსიების საგანი იყო. დებატები და დისკუსია კი დემოკრატიის ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისებაა. აქედან გამომდინარე ჩვენ ამ პროცესში აქტიურად ვიყავით ჩართული, გავიარეთ ეს თემა, რომ საბანკო სექტორს მეტ ნაკლები რყევებით გაევლო ეს თემა. როდესაც ამ ტიპის სტრუქტურული გადაწყვეტილებების მიღება ხდება, რომელიც სისტემურ რეფორმირებასთან არის დაკავშირებული, მას ყოველთვის ახლავს ხოლმე პოზიტივი და ნეგატივი და ჩვენი ამოცანაა, რომ ეს ნეგატივი მინიმუმი იყოს და მაქსიმუმი პოზიტივში გადავიდეს. ეს ამოცანა იდგა კონკრეტულად საბანკო სექტორის წინაშე და თქვენ კარგი თანამშრომლობის ფორმატში იყავით", - განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.

























