მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარის მყარის კურსის შენარჩუნების შემთხვევაში, შესაძლოა, დენის ტარიფი დაკორექტირდეს - ნარმანია

64c50d171aa05
მარიამ ვარადაშვილი
29.07.23 16:31
654
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის [სემეკი] თავმჯდომარე დავით ნარმანია BMGTV-ის გადაცემა “წერტილში” ამბობს, რომ დოლართან მიმართებით ლარის კურსის ასეთ ნიშნულზე შენარჩუნების პირობებში კომისიას ელექტროენერგიის ტარიფის გადახედვა მოუწევს.

“თუ კომისია ვალუტის კურსის [ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით] გაუფასურების შესაბამისად ტარიფებს შეამცირებს, შემდეგ ვალუტის კურსის ცვლილების გამო ისევ ზრდა მოუწევს. ვალუტის კურსის ცვლილებით თუ კომპანია უფრო მეტ თანხას აგენერირებს, ვიდრე სხვა შემთხვევაში იქნებოდა, ეს არ ნიშნავს, რომ ამ თანხას ჩვენ სახლში გავატანთ. ეს ასე არ ხდება, ეს თანხა მათ აუცილებლად დაუკორექტირდებათ. იცით, რომ ელექტროენერგიის გადასახადის კორექტირებას უფრო მოკლევადიან პერიოდში ვახდენთ. განაწილების ტარიფი კი ხუთწლიან პერიოდზეა დადგენილი, მაგრამ მიწოდების კომპონენტს წელიწადში ერთხელ ვაკორექტირებთ. ამიტომ, წლის ბოლოს ის აუცილებლად დაკორექტირდება",-ამბობს ნარმანია.

წამყვანის კითხვაზე თუ ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით არსებულ ნიშნულზე შენარჩუნდება, შემცირდება თუ არა ელექტროენერგიაზე ტარიფი. სემეკის თავმჯდომარე ამბობს, რომ ასეთ ვითარებაში მარეგულირებელ კომისიას ტარიფის კორექტირება მოუწევს.

“არ გამოვრიცხავ, რომ თუ ეს კურსი შენარჩუნდება კომისიამ ტარიფს გადახედოს. წლის ბოლოს გვიწევს ამ ტარიფის კორექტირება და ამ საკითხზე ადმინისტრაციული წარმოებაც დაწყებულია. კომისია ტარიფების დადგენის დროს ვალუტის კურსს ითვალისწინებს, თუმცა ყველა სექტორი ვალუტის კურსის მიმართ ერთნაირად სენსიტიური არ არის. ვალუტის კურსი ყველაზე მნიშვნელოვანი გაზის ტარიფის მიმართ არის, ვინაიდან ფაქტობრივად 100%-ით იმპორტირებულ გაზი გვაქვს. შესაბამისად, კურსის ცვლილება მის ფასზე აისახება. ყველაზე ნაკლები გავლენა კურსს წყლის სექტორზე აქვს. ის მხოლოდ მასალების იმპორტისას აისახება, რასაც კომპანია საინვესტიციო ნაწილში ასახავს",- აცხადებს ნარმანია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები