"თიბისი ბანკმა“ EBRD-თან ეროვნულ ვალუტაში დენომინირებულ სამ სასესხო ხელშეკრულებას მო აწერ ა ხელ ი, რომელთა ჯამური მოცულობა 100 მილიონი აშშ დოლარია.
აქედან 60 მილიონი გამიზნულია DCFTA-ს განხორციელების ხელშესაწყობად, 20 მლნ სპეციალურად ქალების მიერ მართული ბიზნესის მომსახურებისთვის, ხოლო 20 მილიონი მცირე და საშუალო საწარმოების დასაფინანსებლად. დაფინანსების მეშვეობით, ბანკი გრძელვადიან სესხებს ადგილობრივ ვალუტაში გასცემს, - თ ემის დეტალებით გადაცემაში ’’საქმის კურსი“ TBC ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე საუბრობს.
- ბატონო ვახტანგ, რა სამუშაო უძღოდა წინ აღნიშნული ფინანსური რესურსის გამოყოფას?
- გამოყოფილი თანხა 100 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტია ლარებში. ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვანია, რადგან საშუალო და მცირე ბიზნესში ძირითადად შემოსავლები ლოკალურ ვალუტაში აქვთ და აქედან გამომდინარე, მათთვის უფრო საინტერესოა ლარში აღებული სესხები. ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ რამდენიმე რესურსი მოვიზიდეთ ლოკალურ ვალუტაში, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ახალი 100 მილიონი აშშ დოლარის შესაბამისი თანხა ლარებში დაგვეხმარება, რომ ჩვენს საშუალო და მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს უფრო მეტი რესურსი შევთავაზოთ. ამავე დროს, აქ ჩართულია და განსაზღვრულ თანხამდე გრანტის ელემენტი იქნება, რაც კიდევ უფრო საინტერესოს ქმნის ამ პროდუქტს ჩვენი მომხმარებლისთვის.
- ძირითადი კონკრეტული მიმართულებები თუ არის, აღნიშნული თანხა რაზე დაიხარჯება ?
- ჩვენი აზრით, ის ინიციატივები, რომლებიც უკვე 2017 წლის დასაწყისიდან გვაქვს, ვგულისხმობ იმას, რომ 100 ათას ლარამდე სესხის გაცემა მხოლოდ ლარში შეიძლება, სწორი მიმართულებაა და სავარაუდოდ საშუალო ვადაში ეფექტს დავინახავთ, მაგრამ ასეთი რესურსები, რომლებიც ლარშია, ქართულ ბანკებს საშუალებას მისცემს მომხმარებლის რისკები მაქსიმალურად შეამცირონ. რაც შეეხება მიმართულებებსა და დარგებს, ჩვენ შეზღუდვა არ გვაქვს, ნებისმიერ მცირე და საშუალო ბიზნესის წარომადგენელს დავაფინანსებთ, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. აღნიშნული 100 მილიონიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ 20 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში, რომელიც ქალბატონების დაფინანსებისთვის იქნება მიმართული, რომლებიც მცირე და საშუალო ბიზნესში მონაწილეობენ და ამ ნაწილის პირველი რისკი, ანუ ამ დაფინანსების 10% ევროკავშირის იქნება.
- იანვარ-მარტში კომერციული ბანკების წმინდა მოგებაზე რას გვეტყვით, რომელიც დაახლოებით 258 მილიონი ლარია ?
- მიმდინარე წლის I კვარტალი ზოგადად ქართული ეკონომიკისთვის წარმატებული იყო. სეზონურობიდან გამომდინარე კი II კვარტლიდან მეტი აქტიურობა აღინიშნება და სწორედ აქედან გამომდინარე ჩვენ ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებთ 2017 წლის დარჩენილ პერიოდს ეკონომიკის განვითარების კუთხით. წარმატებული იყო ეს პერიოდი არა მარტო ბანკებისთვის, ჩვენ ახლა ანალიზს ვაკეთებთ სხვადასხვა ინვესტორებისა და დარგების მიხედვით, საინტერესოა, რომ ეკონომიკა გაიზარდა და კურსის სტაბილურობამ ხელი შეუწყო იმას, რომ ქართული ბიზნესისთვის I კვარტალი წარმატებული ყოფილიყო.

























