მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარის სტაბილურობის 4 მიზეზი – ექსკლუზიური ინტერვიუ Fitch Ratings-თან

ანალიტიკა

„ანალიტიკა“– მ Fitch Ratings-ის ანალიტიკური გუნდის ხელმძღვანელს, არვინდ რამაკრიშნანს ექსკლუზიურ ინტერვიუში ლარის სტაბილურობის მიზეზების განმარტება სთხოვა – განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა სებ–მა წლის დასაწყისიდან 1.8 მილიარდ დოლარზე მეტი შეისყიდა და ამ ფონზეც, ლარმა სიმყარე მეტ–ნაკლებად მაინც შეინარჩუნა. ვიკითხეთ – აქვს თუ არა Fitch-ს მკაფიო წარმოდგენა, რა განაპირობებს ამ სტაბილურობას? არვინდ რამაკრიშნანმა 4 მთავარი მიზეზი დაგვისახელა.

„ერთია – ძლიერი ფულადი ნაკადები ეკონომიკაში. მეორეა – ტექნიკური მოცემულობა: მაგალითად, უცხოური ვალუტის შესყიდვის/გაყიდვის წესები – BMatch პლატფორმის წესების მიხედვით, საქართველოს ეროვნული ბანკი ვერ შეისყიდის ვალუტას, თუ ტრენდი გაუფასურებისკენაა. მესამეა – დეპოზიტების დოლარიზაციის შემცირებაც უფრო მეტ უცხოურ ვალუტას ათავისუფლებს საბანკო სისტემაში. და ბოლოს — ეს პირდაპირ მაკროეკონომიკურ ფაქტორებთან არ არის კავშირში, მაგრამ დოლარის გლობალური დასუსტების ეფექტიც ლარს ირიბად დამატებით აძლიერებს“ – განმარტა არვინდ რამაკრიშნანმა.

Fitch Ratings-ის ანალიტიკური გუნდის ხელმძღვანელის თქმით, გაცვლით კურსს დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს საკრედიტო დინამიკისთვის: „საქართველოს ვალის დაახლოებით 70% უცხოურ ვალუტაშია დენომინირებული. მაგალითად, თუ ლარი მკვეთრად დასუსტდება, ვალის და მისი მომსახურების ტვირთიც გაიზრდება და დოლარიზაციის რისკებიც მოიმატებს“ – უთხრა არვინდ რამაკრიშნანმა „ანალიტიკა“–ს. მისივე თქმით, Fitch Ratings-ი ვარაუდობს, რომ ლარი მომავალ პერიოდშიც დიდწილად სტაბილური იქნება – „შესაძლოა, მცირე, ზომიერი გაუფასურებით, მაგრამ საერთო სურათში – სტაბილური“ – უთხრა Fitch Ratings-ის ანალიტიკური გუნდის ხელმძღვანელმა „ანალიტიკა“–ს.

Fitch Ratings-ის უახლესი ანგარიშის მიხედვით, საქართველოს რეიტინგი BB დონეზე დარჩა, პერსპექტივა კი ნეგატიურიდან სტაბილურ ნიშნულს დაუბრუნდა. პერსექტივის გაუმჯობესების მთავარი მიზეზი სებ–ის მიერ რეზერვების ისტორიულ მაქსიმუმამდე შევსებაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები