მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ლარის სტაბილურობის შენარჩუნების შემთხვევაში, იმედია, გაზის კომერციული ტარიფი შემცირდება” - სანდრო რატიშვილი

მადამ დე

2018 წლიდან დღემდე ბიზნესს გაზი 72%-ით გაუძვირდა. სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ინფორმაციით, კომერციული გაზის შესყიდვა 6 წლის წინ კერძო სექტორში თუ 75 თეთრად იყო შესაძლებელი, წელს ტარიფი 1.29 თეთრი გახდა. მათი შეფასებით, გაზგამანაწილებელი კომპანიები ტარიფის ცვლილების ერთ-ერთ მიზეზად ლარის კურსის მერყეობას ასახელებენ, თუმცა კურსის ცვლილების მიუხედავად გაზი 6 წლის განმავლობაში სულ ძვირდებოდა, ფასი მხოლოდ ერთხელ, 2023 წელს შემცირდა.

გაზის ტარიფი პრობლემურია პურ ფუნთუშეულის მწარმოებლებისთვისაც, რადგან გაზის ფასს პროდუქციის თვითღირებულებაში მნიშვნელოვანი წილი უჭირავს. კომპანია „მადამ დე“-ს დამფუძნებელი სანდრო რატიშვილი ამბობს, რომ გაზრდილი ხარჯის ან პროდუქციის ფასში აისახება ან მისი დაბალანსება მოგების შემცირების ხარჯზე ხდება.

“სულ ერთადერთხელ გვახსოვს გაზის ტარიფის შემცირება რამდენიმე თვით, შემდეგ ისევ გაძვირდა. არა ძველ ნიშნულამდე, მაგრამ მაინც ფასის შემცირებას მოჰყვა გაძვირება. ის, რომ ლარის კურსის ცვლილების გამო ძვირდება გაზი, რაზეც გაზის მომწოდებლები და კომპანიები საუბრობენ, გამყარების მიუხედავად არ გვახსოვს, რომ გაზი გაიაფებულიყო. ბოლო 6 წლის განმავლობაში კომერციული გაზის ტარიფი ერთხელ გაიაფდა, 2018 წლიდან დაიწყო და მუდმივად ზრდის ტრენდი აქვს.

ჩვენ ვართ პურის და ფუნთუშეულის ქარხანა და გაზის მდგენელი ჩვენს შემთხვევაში არის ძალიან მაღალი. ღუმელები მუშაობს ძირითადად გაზზე. ძალიან დიდი იმედი გაქვს და ველოდებით, რომ გაზის მიმწოდებელი კომპანია გადახედავს ამ დამოკიდებულებას. როგორც ხედავთ, ლარი სტაბილურობას ინარჩუნებს უკვე რამდენი ხანია და სავსებით შესაძლებელია ჩვენი გადმოსახედიდან, თუმცა ბუნებრივია, სხვა კომპანიის სტრუქტურულ საქმეებში ვერ ჩავერევი. ეს სტაბილურობა თუ შენარჩუნდა, დიდი იმედი გვაქვს, რომ გაზის ტარიფი შემცირდება”, - ამბობს კომპანია „მადამ დე“-ს დამფუძნებელი სანდრო რატიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები