ფინანსთა მინისტრობის კანდიდატის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, „მნიშვნელოვანია, ლარიზაციის მიმართულებით რეფორმა ისე ჩატარდეს, რომ მოსახლეობა ვალუტის რყევებზე ნაკლებად იყოს დამოკიდებული".
ამის შესახებ ქუმსიშვილმა პარლამენტში სამთავრობო პროგრამის იმ ნაწილის კომენტირებისას განაცხადა, სადაც აღნიშნულია, რომ ხელი შეეწყობა ლარით დაკრედიტების ზრდას.
მისი განმარტებით, "ლარიზაციის მიმართულებით ეროვნულ ბანკთან ერთად ჩამოყალიბებულია საკმაოდ მწყობრი გეგმა".
"ამ გეგმის მიხედვით მოხდება და დღეს უკვე დაწყებულია აღნიშნული ინსტრუმენტების გამოყენება კომერციული ბანკების მხრიდან, როდესაც ხდება რეპო ოპერაციების გატარება, როდესაც კომერციული ბანკები მათთან არსებულ პორტფელებს უკვე ეროვნულ ბანკში გირაოში დებენ და შესაბამისად, ლარის რესურსს იღებენ. ეს არის სწორედ ის ინსტრუმენტი, რომლის მეშვეობითაც კომერციულ ბანკებს ლარი უნდა გაუჩნდეთ. დღეს ეს ინსტრუმენტი უკვე მუშაობს და კომერციული ბანკები მას იყენებენ. მნიშვნელოვანია რეფორმა ისე ჩატარდეს, რომ ნაკლებად იყოს ჩვენი მოსახლეობა ვალუტის რყევებზე დამოკიდებული", - განაცხადა ქუმსიშვილმა.
რაც შეეხება ლარის გაცვლითი კურსის დასტაბილურების მიზნით დაანონსებულ 10-პუნქტიან გეგმას, მინისტრობის კანდიდატი დეტალებზე საუბარს მხოლოდ ეროვნული ბანკის მონაწილეობით გეგმავს.
"არ მინდა მოვლენებს წინ გავასწრო. შემუშავებულია საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან იწყება და კომერციული ბანკებით მთავრდება“, - აღნიშნა მან.
ამასთან, ეროვნული ვალუტის კურსის რყევების მიზეზებზე საუბრისას, ქუმსიშვილმა მოსახლეობის მიერ სამომხმარებლო პროდუქტების გაზრდილი მოხმარება ახსენა.
"დღეს ხაზინიდან ხარჯვა თანაბარზომიერია, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ სამომხმარებლო იმპორტი გაზრდილია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მოვიხმართ გარკვეულ პროდუქციას, რაც რა თქმა უნდა იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნიდან უცხოური ვალუტის გადინებაა", - განმარტა მინისტრობის კანდიდატმა.

























