მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარში გაცემული ბიზნეს სესხები გაძვირდა

62023a1ce07f1
შოთა ტყეშელაშვილი
09.02.22 10:10
1863
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, რომ 2021 წლის მეოთხე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, საპროცენტო განაკვეთი ეროვნული ვალუტით გაცემული ბიზნეს სესხებისთვის მცირედით გაიზარდა.

ანგარიშის თანახმად, განაკვეთის მატება ძირითადად ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით, 10.5%-მდე ზრდით იყო განპირობებული.

"დეკემბერში, სექტემბერთან შედარებით, საპროცენტო განაკვეთი თვის შიგნით ეროვნული ვალუტით გაცემულ მსხვილ ბიზნეს სესხებზე მცირედით გაიზარდა და 13.9% შეადგინა. რაც შეეხება უცხოური ვალუტით გაცემულ სესხებს, დეკემბერში, სექტემბერთან შედარებით, ევროთი თვის შიგნით გაცემული კორპორატიული სესხებისთვის საპროცენტო განაკვეთი 0.4 პპ-ით, 5.7%-მდე, გაიზარდა, ხოლო დოლარით გაცემული სესხებისთვის მნიშვნელოვნად არ შეცვლილა და 7.4% შეადგინა. მცირე და საშუალო ბიზნეს სესხებისთვის, საპროცენტო განაკვეთი ეროვნული ვალუტით გაცემული სესხებისთვის, მცირედით 13.9%-მდე, გაიზარდა. რაც შეეხება უცხოური ვალუტით გაცემული სესხებს, ევროთი და დოლარით გაცემული სესხებისთვის საპროცენტო განაკვეთი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა და 5.2% და 6.5% შეადგინა, შესაბამისად. საკრედიტო პირობების კვლევის მიხედვით მცირედით გაიზარდა მარჟა ფიქსირებული განაკვეთით გაცემულ ლარის სესხებზე. გამოკითხულთა აზრით, მომდევნო კვარტალში დაკრედიტების საპროცენტო პირობების მნიშვნელოვანი ცვლილება მოსალოდნელი არაა,"- ნათქვამია ეროვნული ბანკის ანგარიშში. 

ამავე დოკუმენტიდან ირკვევა, რომ 2021 წლის მეოთხე კვარტალში უმოქმედო სესხების წილი ჯამურად ბიზნეს სესხებში, 6%-მდე, შემცირდა, რაც პორტფელის ზრდასა და ზოგიერთი კომპანიის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას უკავშირდება.

"ვალუტების ჭრილში, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ უმოქმედო სესხების წილი ეროვნული ვალუტით გაცემულ ბიზნეს სესხებში მცირედით, 4%-მდე, შემცირდა. აშშ დოლარით გაცემულ სესხებში უმოქმედო სესხების წილი 1 პპ-ით და 9%- მდე შემცირდა, ხოლო ევროთი გაცემულ ბიზნეს სესხებში უმოქმედო სესხების წილი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა და 6% შეადგინა . საკრედიტო პირობების კვლევის მიხედვით, საბანკო სექტორის წარმომადგენლები მომდევნო კვარტალში უმოქმედო სესხების წილის მცირედით შემცირებას კვლავ მოელიან. საგულისხმოა, რომ ამ დროისთვის, ეროვნული ბანკის ხელთ არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, კორპორატიული სესხების პორტფელის 12%, ხოლო მცირე და საშუალო ბიზნესის პორტფელის 5% სარგებლობს სესხის მომსახურეობის საშეღავათო პერიოდით. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2021 წლის მეოთხე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, რესტრუქტურიზებული სესხების წილი ბიზნესს სესხებში მნიშვნელოვნად არ შეცვლილა და კვლავ 21%-ს შეადგენს,"- ნათქვამია ეროვნული ბანკის მიმოხილვაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები