მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარსზე აშშ-ს გადმოცემული სკანერის განთავსებისთვის სამუშაოებისთვის საჭირო საბოლოო პროცედურები მიმდინარეობს - შემოსავლების სამსახური

ლარსი

აშშ-ს მიერ გადმოცემული საბარგო რენტგენოინსპექტირების სკანერის მონტაჟისთვის ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის საჭირო საბოლოო პროცედურები.

ასე ეხმაურება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი ინფორმაციას, რომ "ყაზბეგის“ საბაჟო-გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე უყურადღებოდაა მიტოვებული ამერიკის შეერთებული შტატების მიერ, საბაჟო დეპარტამენტისთვის გადმოცემული ძვირად ღირებული აპარატურა, კერძოდ, რენტგენოინსპექტირების სისტემები.

2023 წლის აპრილში, ამერიკის შეერთებული შტატების ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების ერთ-ერთი პროექტის (EXBS) ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს გადაეცა საბარგო რენტგენო ინსპექტირების 3 სკანერი (RAPISCAN 628XR), რომლის ჯამური ღირებულებაა შემოსავლების სამსახურის ცნობით 300 000 აშშ დოლარია. გადმოცემული სკანერები განკუთვნილია ბათუმისა და ქუთაისის აეროპორტებისთვის, ასევე "ყაზბეგის“ საბაჟო-გამშვები პუნქტისთვის.

"ამ დროისთვის „ყაზბეგში“ განთავსებულია, სხვადასხვა დანიშნულების რენტგენოსკანერების მონტაჟისთვის საჭირო რკინის კონსტრუქციის პირველადი/საყრდენი ტექნიკური ნაწილები, რომლებიც 24/7 რეჟიმში უსაფრთხოდ არის დაცული და ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის საჭირო საბოლოო პროცედურები.

აქვე აღვნიშნავთ, რომ სგპ "ყაზბეგში“ საბაჟო კონტროლის პროცედურების პარალელურად, აქტიურად მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები. კერძოდ, განხორციელდება საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი სატვირთო ავტომობილებისთვის სპეციალური, საბაჟო კონტროლის თანამედროვე სისტემებით აღჭურვილი გასასვლელის მოწყობა. უკვე სრულად განახლდა ავტომატური სარეზერვო ელექტრო გამანაწილებელი ქსელი, დასრულებულია ავტომობილების დასათვალიერებელი ტექნიკური მომსახურების ანგარის მოწყობა და გრძელვადიანი ექსპლუატაციისთვის განკუთვნილი ახალი სასწორის კონსტრუქცია, რომელიც გათვლილია დიდი ტვირთამწეობის ავტომობილების მაღალი ინტენსივობით აწონვაზე.

საპროექტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, შემოსავლების სამსახური დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას მისცემს, თავად გაეცნონ კონტროლის სკანირების პროცესს", – წერს საბაჟო დეპარტამენტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები