მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლაშა ხუციშვილი AIIB-ის სამიტზე: ჩვენი ეკონომიკა ბოლო 5 წელიწადში, საშუალოდ, 9.3%-ზე მეტით გაიზარდა

ლაშა ხუციშვილი

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მე-11 წლიური შეხვედრის ფარგლებში ბანკის მმართველთა ბიზნეს სესიაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ეკონომიკურ ზრდასა და ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებებზე ისაუბრა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, ხუციშვილმა ყურადღება გაამახვილა ბოლო წლებში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე, მათ შორის აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის ძირითადი ნაწილის მშენებლობის დასრულებაზე. მისი თქმით, ქვეყნის დღის წესრიგში რჩება საგზაო, სარკინიგზო, ენერგეტიკული და ციფრული დაკავშირებადობის, ასევე ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის შემდგომი გაძლიერება.

„წლევანდელი დიალოგის თემა „ხვალინდელი დღის ინფრასტრუქტურა: ზეგავლენა და ინოვაცია,“ კარგად ასახავს საერთო შეხედულებას, რომ ინფრასტრუქტურა აღარ იზომება მხოლოდ ჩვენ მიერ აშენებული გზებით, ხიდებითა, თუ ენერგოსისტემებით. კლიენტებისთვის მომსახურების გაღრმავებისა და გაფართოების მიზნით მასშტაბების გაზრდას, უდიდესი მნიშვნელობა აქვს არსებული საჭიროებების ფონზე, რათა შეიქმნას ისეთი ინფრასტრუქტურა, რომელიც აერთიანებს რეგიონებს და უზრუნველყოფს ღირებულებათა ჯაჭვების შეუფერხებელ ფუნქციონირებას“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ხუციშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საშუალოდ 9.3%-ზე მეტით გაიზარდა. ამასთან, მისი განცხადებით, ქვეყანამ ფისკალური პარამეტრები უსაფრთხო დონეზე შეინარჩუნა, ხოლო კაპიტალური ხარჯები მაღალ ნიშნულზე დარჩა.

მინისტრმა AIIB-ის წევრ სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობისა და დიალოგის გაძლიერების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და ამ მიმართულებით ბანკის როლის გააქტიურებას გაუსვა ხაზი. ხუციშვილმა მადლობა გადაუხადა კატარის მთავრობასა და AIIB-ის გუნდს ფორუმის ორგანიზებისთვის და ბანკის ახალ პრეზიდენტს ყოველწლიური შეხვედრის წარმატებით ჩატარებისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები