"ქართული ოცნების" მთავრობის ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შეხვდა მსოფლიო ბანკის ტრანსპორტის მიმართულების ხელმძღვანელს ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, შომიკ მენდირატას, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის მიზანია ტრანსპორტის სექტორში არსებული და პოტენციური პარტნიორობის განხილვა.
"ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს მსოფლიო ბანკსა და საქართველოს თანამშრომლობის საკითხებზე. ყურადღება გამახვილდა საინვესტიციო პროექტებზე საგზაო, სარკინიგზო და სატრანსპორტო გადაზიდვების მიმართულებებით.
ხაზი გაესვა მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების მნიშვნელობას აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობისა და შუა დერეფნის სატრანზიტო პოტენციალის გათვალისწინებით.
შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში, როლანდ პრაისი",- აღნიშნულია პრესრელიზში.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბანკი საქართველოს მეორე უმსხვილესი საგარეო კრედიტორია აზიის განვითარების ბანკის შემდეგ. 2025 წლის მაისის მდგომარეობით საქართველოს მსოფლიო ბანკის 2.17 მილიარდი დოლარის ვალი ჰქონდა.
2025 წლის ბიუჯეტის გეგმის თანახმად, საქართველო მსოფლიო ბანკისგან (WB) წელს 132 მლნ ლარის ახალ ვალს აიღებს და პროგნოზირებულია, რომ წლის ბოლოსთვის ქვეყნის ვალი საფინანსო ინსტიტუტის მიმართ 6 მლრდ 139 მლნ ლარს გადააჭარბებს.




























